|
2016-03-04 15:24:40, 700 ნახვა
საზოგადოება
დავით მაჭარაშვილი: წამლის ფასები უნდა შემცირდეს გაზრდილი კონკურენციის ხარჯზე და მიკვირს, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლამ ბაზარზე რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი
ფარმაცევტული ბაზრის ახალი მოთამაშის - „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი წამლები და მათი ხარისხი საზოგადოებისთვის აქტუალობას არ კარგავს. არის თუ არა კომპანიის მიერ იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები ხარისხიანი? ამ კითხვას უპასუხებს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი. მან ჟურნალისტებთან შეხვედრა Jandacva.ge-ის პრესკლუბში გამართა. - მიკვირს, ერთი კომპანიის შემოსვლამ რატომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, როცა ბაზარზე ფუნქციონირებს 5000-ზე მეტი ფარმაცევტული დაწესებულება, - აცხადებს დავით მაჭარაშვილი და ამ საკითხთან დაკავშირებით, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს: - რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ მყოფი პროდუქციის ხარისხს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა და ამას დოკუმენტური ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით ვაცხადებ, უხარისხობაზე საუბარიც კი ზედმეტია.საამისოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს.არ მიიღოთ ისე, რომ რეკლამას ვუწევ კომპანიას, კითხვას ვპასუხობ მხოლოდ. „ჰუმანითი ჯორჯიას“ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელობის ქვეშ ბაზრზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების უმეტესობა ფლობს საერთაშორისო GMP-ის. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის კარგი საწარმოო პრაქტიკა, გარანტი, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია არის ხარისხიანი. გავიმეორებ, უხარისხობაზე საუბარი არის უადგილო. მაჭარაშვილი, ასევე, შეეხო ქართულ ბაზარზე ზოგადად მედიკამენტების ფასების პრობლემას და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო საკითხის დასარეგულირებლად ატარებს: -რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს. სახელმწიფომ დადო გარკვეული პირობა გაიაფებასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში მუდმივად ხდებოდა იმაზე აპელირება, რომ ფასები კატასტროფულად იყო გაზრდილი და სახელმწიფო ვერანაირ ღონისძიებას ვერ ატარებდა ამის საწინააღმდეგოდ.ამ უმოქმედობას თავისი მიზეზები აქვს: საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რომ სახელმწიფო ფასწარმოქმნის პროცესში ჩაერიოს. ამიტომ ხელისუფლებამ აირჩია სხვა მეთოდი - გაზრდოს კონკურენცია,გაშალოს ბაზარი და ამის საფუძველზე მოხდეს ფასების შემცირება. შედეგი უკვე გვაქვს: რამდენიმე ტელეკომპანიამ და ორგანიზაციებმაც ჩაატარეს კვლევები, რომ ნამდვილად დაიწყო ფასების კლების პროცესი. ასე რომ, სახელმწიფოს მიერ დადებული პირობა შესრულებულია.ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ გაიაფება არ მოხდება ხარისხის ხარჯზე. „ჰუმანითი ჯორჯია“ თანამშრომლობს საპარტნიორო ფონდთან. მე კარგად ვიცნობ მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას. გარდა იმისა, რომ კომპანია წარმოადგენს უცხოელი მწარმოებლის სერტიფიკატს, მას აქვს, ასევე, ვალდებულება, რომ ხარისხს გადაამოწმებს ევროპულ ლაბორატორიაში. ეს კიდევ ერთი დამატებითი გარანტიაა, რომ კომპანიის მიერ იმპორტირებული პროდუქტი არის ხარისხიანი.მიუხედავად ამისა, სამინისტრო აუცილებლად გადაამოწმებს მათი პროდუქციის ხარისხს. კომპანია ახლადშემოსულია ბაზარზე და როგორც კი მიმოქცევაში გაიზრდება მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტების რაოდენობა, აუცილებლად შევამოწმებთ ხარისხს აქაც და ევროპის რომელიმე ლაბორატორიაშიც. დავით მაჭარაშვილმა, ასევე, უპასუხა კითხვას, თითქოს საზოგადოების ნაწილის აზრით, ძალიან მარტივად მოხდა „ჰუმათი ჯორჯიას“ ჯერ დარეგისტრირება და შემდეგ შემოსვლა ბაზარზე: - სხვა ქვეყნების კანონმდებლობებთან შედარებით, რეგისტრაციის პროცედურები ყველა კომპანიისთვის ნამდვილად ლიბერალური და გამარტივებულია: დრო, მოსაკრებელი, წარმოსადგენი დოკუმენტაცია - ყველაფერი გამარტივებულია.გვაქვს ორი რეჟიმი: აღიარებითი და ეროვნული. არის ასევე შეტყობინების საფუძველზე, პირველადი იმპორტის შესაძლებლობა, რომელსაც რეჟიმად ვერ განვიხილავთ, მაგრამ რეგისტრაციის ერთ-ერთი პროცედურაა. ეს ყველაფერი მარტივია არა მარტო „ჰუმანითი ჯორჯიასთვის“, არამედ, ნებისმიერი კომპანიისთვის.სახელმწიფოს ერთნაირი მიდგომა აქვს ყველა კომპანიის მიმართ და კიდევ გავიმეორებ, არ მესმის, რატომ გამოიწვია ერთმა კომპანიამ ასეთი აჟიოტაჟი.„ჰუმანითი ჯორჯიას“ სამკურნალო საშუალებები რეგისტრირდება იმავე სიხშირით და იგივე დროში, როგორც სხვა კომპანიები. „ჰუმანითი ჯორჯია“ წელიწადი და ორი თვეა დარეგისტრირებულია. გვაქვს ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე გაგზავნილი შეჩერების წერილები, რადგან იქ რამდენიმე უზუსტობა დაფიქსირდა. ამ შეუსაბამობას იწვევს ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა ჯერ არ არის სინქრონში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ახლახან ერთ-ერთმა კომპანიამ თხოვნით მოგვმართა, რომ უნდოდა ტენდერში მონაწილეობა და ვერ ასწრებდა რეგისტრაციას. ჩვენ ამისთვის 7 დღე გვქონდა, მაგრამ ანგარიში გავუწიეთ და ერთ დღეში მოვაგვარეთ პრობლემა, რათა ხელი შეგვეწყო და მისი ბიზნესინტერესები არ შელახულიყო. ამაზე არავინ ლაპარაკობს და უკვირთ, „ჰუმანითი ჯორჯია“, მარტივად დარეგისტრირდაო. დავით მაჭარაშვილმა კიდევ ერთელ განმარტა, რა არის დეპარტამენტის და მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო პრიორიტეტები მიმდინარე ეტაპზე. მისი განცხადებით, მთავარია ხარისხის კონტროლი, საკანონმდებლო ბაზის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და იმ წინააღმდეგობების მოხსნა, რაც დღეისთვის წარმოიშობა სამუშაო პროცესში, ბიზნესის ხელშეწყობა და ბაზრის მაქსიმალურად გახსნა ყველა მოთამაშისათვის, ფასების შემცირება, მაგრამ არა ხარისხის ხარჯზე. „ფასები უნდა შემცირდეს გაზრდილი კონკურენციის ხარჯზე", - აცხადებს დავით მაჭარაშვილი.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)