ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი საბას მიერ წარმოთქმული სიტყვა Georgia-USA Christmas Gala-ზე.
ამ განსაკუთრებულ დღეებში, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ერთიანდება ქრისტეს შობის მომავალი სიხარულით, მინდა ჩემი მამობრივი სიტყვით მოგმართოთ, რათა დაგიმტკიცოთ და შეგახსენოთ შობის დღესასწაულის ღირებულება და ის, თუ როგორ შეუძლია ამ დღესასწაულს შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და საზოგადოება.
ქრისტეს შობა არის არა მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ღვთის ნებისა და სიყვარულის უზენაესი წარმოჩენა ჩვენთვის. ეს არის მოწმობა იმისა, რომ ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე, ჩვენი გადარჩენისა და განკურნებისთვის მოავლინა ჩვენს შორის. ქრისტეს შობა არ არის მხოლოდ სიხარული, არამედ ის არის მოწოდება ამ სამყაროსთვის, საზოგადოებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის! შობის დღის სიხარულმა ისევე უნდა მოიცვას ჩვენი გულები, როგორც ძე ღმერთის ნათელმა მოიცვა ეს სამყარო!
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ აღმოვჩნდით რეალობაში, სადაც სიძულვილი, აგრესია, ძალადობა და უთანხმოება იჩენს თავს ყოველდღიურად. ჩვენს ქუჩებში არნახული ძალადობის გამოხატულებები გვხვდება, უკვე მრავალი ღამეა, რაც მშვიდად არ გვძინავს, რადგან ვხედავთ იმ სატკივარს, რაც ტკივა ჩვენს ერს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას!
ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნამდვილი მშვიდობა მოითხოვს არა მხოლოდ პიროვნულ ძალისხმევას, არამედ სახელმწიფოსა და ხალხის თანაცხოვრების ახალი პრინციპების განხორციელებას. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ევროინტეგრაციას! ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, ის არის ფასეულობათა სივრცე, სადაც მშვიდობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და სამართლიანობა არის ფუნდამენტური საფუძვლები. საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უამრავი ისტორიული სირთულის გადალახვა შეძლო, იმსახურებს ევროპული ღირებულებებით აღვსილ მომავალს, სადაც სუფევს ქრისტიანობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლება. მხოლოდ ასე შეგვიძლია ავაშენოთ ნამდვილი სახელმწიფო, სადაც დაისადგურებს ჩვენი წინაპრების მიერ ნანატრი ნამდვილი მშვიდობა.
ამიტომ ნუ დავუშვებთ, რომ ამ კრიზისმა დაატყვევოს ჩვენს გულებში ეს იმედი! დაე, ამ მომავალი შობის დღესასწაულმა მოგვანიჭოს ძალა, გადავდგათ ნაბიჯი ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რათა ჩვენც ვთქვათ და ვუთხრათ არა - სიძულვილს და აგრესიას!
მეგობრებო, ქრისტეს შობა არის იმედი და ნათელი! ეს არის ჩვენთვის გზა, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი შინაგანი პრობლემები და როგორ უნდა შევქმნათ უკეთესი საზოგადოება, რომელზეც ოცნებობდა ჩვენი წინაპრები და რომელზეც ოცნებობს ჩვენი მომავალი თაობა!
ჩემო ძვირფასებო, მე მინდა პატარებს, დიდებს, მოხუცებს და ყველა ადამიანს გისურვოთ კურთხეული შობა, რათა ჩვენს გულებში ქრისტეს შობის ნათელი შემოვიდეს და იმედი მოეფინოს თითოეულ ადამიანს!
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საოცარი ღონისძიების ორგანიზატორს, ბატონ ბექა გოგინაშვილს, ყოველ აქ გამომსვლელ მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამერიკა და სრულიად სამყარო!