01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-13 14:44:31, 382 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე - უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი

უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი,- ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას“.

„ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი - დიდი თუ პატარა - უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები. 

ამასთან, უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, უმნიშვნელოვანესია, კონსტრუქციულობით მიღწეულ იქნას დიალოგი.

ჩვენი პრობლემა დღეს ისიცაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ; გვავიწყდება, რომ უსიყვარულობა, ცინიზმი, უპატივცემულობა ... რაც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისათვის ჩვევად იქცა, დამღუპველი ცოდვებია; (ამის გამოვლინებაა სიძულვილის ენა და ფიზიკური ანგარიშსწორება).

ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით... ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ და საკუთარ თავსაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ დავაზარალებთ. ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი სიყვარული.

მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოსთვის ვლოცულობ. დღესაც, მუდმივად შევთხოვ უფალს, მოგვცეს გული გონიერი და ლმობიერი.

ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს; ამიტომაც მოგმართავთ: საქართველოს კეთილდღეობისათვის გავერთიანდეთ ლოცვით, რათა ღვთის შეწევნითა და შინაგანი მშვიდობით შევძლოთ მართებული ნაბიჯების გადადგმა.

ერთობლივ ლოცვებს დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ხოლო საქართველოსა და უცხოეთში მყოფ მრევლს გთხოვთ (პირად კანონთან ერთად), დღის განმავლობაში ილოცოთ: „მამაო ჩვენო“, 90-ე ფსალმუნი, „მოწყალებისა კარი განგვიღე“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ (3-ჯერ), ასევე, წმ. ანდრია მოციქულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის ტროპრები და ბოლოს ,,აცხოვნე, უფალო, ერი შენი“.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სულიერ-კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებასა და განვითარებას.

დღეს საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. ასევე, ხსენების დღეა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის, პეტრე I და სამოელ I კათოლიკოსების. მათი და საქართველოს მფარველ სხვა წმინდანთა მეოხებით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით ინებოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის ერთობა, მშვიდობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია ილია მეორის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics