01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 14:13:05, 337 ნახვა

საზოგადოება
ქურდოვანიძე - „ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს

„ქართული ოცნება“ კანონმდებლობაში არადემოკრატიული და რეპრესიული ცვლილებების შეტანას აპირებს,- ამიშ შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

ქურდოვანიძის თქმით, სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, პარლამენტი მათ მიღებას მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს.

როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს „საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს“.

„2024 წლის 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები. მათი  განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს მათ მიღებას.

„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.

ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.

ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან,  გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).

საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.

საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდებასაჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი.

კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა. ახალი ცვლილებებით ეს უფლება გაუქმებულია.

რეორგანიზაციის საფუძვლად ემატება სტრუქტურულ ერთეულში ფუნქციების ცვლილება ან ახალი ფუნქციების დამატება. რეორგანიზაციისას თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1 თვით ადრე აცნობებენ, ხოლო ახალი კადრების შერჩევა კონკურსის გზით ხდება.

სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია. კერძოდ, სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და იღებს მხოლოდ განაცდურს/სამთვიან კომპენსაციას.

დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება, შეცვალოს შეფასებები, რაც პოლიტიზაციის საფრთხეს ზრდის. ცვლილებები ხელს უწყობს საჯარო მოხელეებზე უკვე არსებული წნეხის გაძლიერებას და უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტებას.

„პოლიციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. აღნიშნული დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, სადაც სამხედრო წოდების მქონე პირები მსახურობენ. 2025 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება, რაც, განმარტების მიხედვით, ითხოვს გარკვეული პოზიციების შევსების სპეციფიური წესების დაწესებას.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ ზღუდავს ამ ცვლილებას მხოლოდ გასამხედროებულ დანაყოფებზე და მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის.

ცვლილებები ვითარდება სახელმწიფოს მიერ საპოლიციო ძალების ძალადობრივი გამოყენების ზრდის ფონზე. ბოლო დროის მოვლენებმა, მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციის მიერ გამოყენებულმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკებმა ახალ მწვერვალს მიაღწია. 

აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს. ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ:

კანონპროექტი ითვალისწინებს ნიღბის ტარების ბლანკეტურ აკრძალვას, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაპროპორციული შეზღუდვაა. კერძოდ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, ნიღბის ტარება დემონსტრაციაზე შესაძლოა, ასევე, გამოხატვის ფორმად ჩაითვალოს და ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს. ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას. დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება. პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.

მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.

მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასმართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე. 

შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანიზებული ძალადობით ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას. ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიმართავს ადამიანის უფლებების ისეთ მძიმე დარღვევებს, როგორიცაა წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. აქციის მონაწილეების მიმართ ანგარიშსწორების, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ მათზე შეტევის, სამართალდამცავების მხრიდან უსაფუძვლო დაკავების, მათ შორის, სახლებიდან და ოფისებიდან მათი უკანონო გადაყვანის და საჯარო სამსახურებში არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აქციაზე ყოფნის დროს საკუთარი იდენტობის დაფარვას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ უკანონო, რეპრესიული ანგარიშსწორება.  ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები არის მშვიდობიანი, ხოლო ის კრიმინალური, ნიღბიანი დაჯგუფებები, რომელიც ირაკლი კობახიძემ „კონტრაქციის მონაწილეებად“ მოიხსენია, სავარაუდოდ, სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირები არიან, რომლებიც სახელმწიფოს თანხმობით/ხელშეწყობით მოქმედებენ, რაზეც მიუთითებს მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციის უმოქმედობაც.

აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით ცინიკურია მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო სტანდარტის საწინააღმდეგოდ, არ უზრუნველყოფს სპეციალური რაზმის წევრების მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით აღჭურვას, რაც მათ დაუსჯელობას იწვევს და ძალადობას ახალისებს.

აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ხელისუფლება დაანონსებული შეზღუდვით ცდილობს ადამიანები კიდევ უფრო მოწყვლადი გახადოს ტერორის მიმართ, რომლის დამყარებასაც ლეგიტიმური და მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ცდილობს.

გარდა სახის დაფარვისა, შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“ მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია 2000 ლარი იქნება“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics