18:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 00:07:24, 442 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი - სახდეპმა თბილისის მერის, შს მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება უნდა დაიწყოს

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებელი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ავრცელებს.

უილსონი მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, რომ „იგივე გააკეთონ“.

„საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ მიატოვა დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას.

აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობასა და სისასტიკეზე უდანაშაულო ქართველების წინააღმდეგ. თუ ახლავე არ ვიმოქმედებთ, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობის კამპანიის გაძლიერებას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს ამ ქვეყანაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიების ორგანიზებაზე. მე მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“,- ნათქვამია ჯო უილსონის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია 28 ნოემბრიდან იმართება. ექვსი დღის განმავლობაში ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის.

4 დეკემბრის მონაცემებით, 3-4  დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3-4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89 შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა, საიდანაც 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. 5 აქციის მონაწილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. დაშავებულია მედიის 50 წარმომადგენელზე მეტი.

1-ელი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი.

1-2 დეკემბრის მდგომარეობით, დღე-ღამის განმავლობაში, კლინიკებში 37 ადამიანი შეიყვანეს.

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

28-29 ნოემბრის ღამეს, კლინიკებში გადაიყვანეს 33 დაშავებული პირი. 28/29/30 ნოემბერს, დემონსტრანტების ძალისმიერი დაშლის შემდეგ, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააკავეს. დაშავდა 20-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ ნაწილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics