სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი,- ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და „ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში“.
„საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.
1-ელ დეკემბერს, დაახლოებით, 21:00 საათიდან სამართალდამცავები პერიოდულად, შესაბამისი გაფრთხილების გარეშე, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. თავდაპირველად, სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ ჭიჭინაძის ქუჩიდან და პარლამენტის შენობიდან. ამის პარალელურად, დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მისამართით პიროტექნიკას იყენებდა.
საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, არ დაარბიონ მშვიდობიანი ხასიათის აქცია, მცირე ჯგუფთა მხრიდან, შესაძლო გადაცდომის ფაქტების გამო.
სამართალდამცავები უფლებამოსილები არიან, დაარბიონ მხოლოდ ძალადობრივი აქცია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვიწროდ განმარტავს ძალადობრივი აქციის დეფინიციას. საქმეში ნურეტინ ალდემირი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, სასამართლომ ძალადობრივად არ მიიჩნია ისეთი შეკრება, რომელიც თავდაპირველად თავისი არსით იყო მშვიდობიანი, თუმცა შეხლა-შემოხლა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებამ გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით მოქალაქე მშვიდობიანად, კონსტიტუციის შესაბამისად გამოხატავდა პროტესტს და დარბევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, დაახლოებით, 02:00 საათზე ერთმანეთის პარალელურად თავისუფლების მოედნიდან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან დაიძრა სპეციალური დანიშნულების რაზმი და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები.
სპეციალური საშუალებების გამოყენების პარალელურად, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალები იყენებენ ქვებს, შუშის ბოთლებსა და კანონით აკრძალულ სხვადასხვა საგნებს, რაც აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს.
სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი. დემონსტრანტთა ინფორმაციით, მხუთავ აირში გარეულია ასევე გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რაც ფაქტობრივად, საკმაოდ დიდი დისტანციით გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელს ხდის სუნთქვასა და საუბარს. Amnesty International ჯანმრთელობის იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რაც როგორც წესი, მოჰყვება წყლის ჭავლის გამოყენებას, სადაც შერეულია ქიმიური ნივთიერებები.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს“:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს იმ სპეციალური საშუალებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რასაც ბოლო დღეებია იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- საპოლიციო ძალებს - გასული დღეების მსგავსად არ უნდა დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, რაც გამოიხატება აქციის დაშლაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სასტიკი მეთოდებით დაკავებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.