07:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 09:49:43, 366 ნახვა

საზოგადოება
შსს - გასულ ღამეს, აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაზიანდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შსს-ს 21-მა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. 

როგორც უწყების მიერ, ქვეყნის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულების ნაწილს თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება, ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მსგავსად წინა დღეებისა, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს.

საზოგადოება თვალს ადევნებდა, მოძალადე ჯგუფები როგორ აზიანებდნენ პარლამენტის შენობას და რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას.

გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს.

გვსურს, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი: 2007 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 2003 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს 9 აპრილის ქუჩაზე, ბრალდებულმა გ.მ.-მ პიროტექნიკის სროლის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხოლო, მ.გ.-მ იმავე დღეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული თბილისში დააკავეს.

ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics