|
2024-10-21 13:24:14, 344 ნახვა
პოლიტიკა
TI - 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვირვებამ აჩვენა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტიურად წაშლილია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის,- ამის შესახებ ნათქვამია შუალედურ ანგარიშში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, მთავარ გამოწვევებს შორისაა: გაუარესებული კანონმდებლობა, მათ შორის საარჩევნო გარემოზე „რუსული კანონის“ ნეგატიური გავლენა; ანტიკორუფციული ბიუროსა და კომუნიკაციების კომისიის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მაუწყებლების შევიწროვებისთვის გამოყენება; ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები და მათი არაეფექტური გამოძიება; ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება; მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები. „2024 წლის 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრამდე დაკვირვებამ შემდეგი მიგნებები გამოკვეთა: სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება „რუსული კანონის“ მიღება: 2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ ხელმეორედ მოახდინა წინა წელს ჩაგდებული საკანონმდებლო ინიციატივის - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის („რუსული კანონის“) ინიცირება. ქვეყნის შიგნით მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკიდურესად მწვავე რეაქციების მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო. ვენეციის კომისიის შეფასებით, აღნიშნული კანონის მიერ დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს პაქტის შესაბამისი მუხლებით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს. კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა დაღი დაასვა საარჩევნო პროცესებსაც. ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა: 2024 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლითაც ცესკოს დაკომპლექტების წესი შეიცვალა. ცვლილებებმა მმართველ პარტიას მისცა შესაძლებლობა, ფორმალობად ქცეული ხმათა ⅗-ის უმრავლესობის ჩავარდნის შემთხვევაში, 76 ხმის უმრავლესობით, მაშასადამე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ და ოპოზიციის აზრის გაუთვალისწინებლად აერჩია ცესკოს თავმჯდომარე და სხვა, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრები. აღნიშნულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს მწვავე კრიტიკული მოსაზრებები და მთელი რიგი რეკომენდაციები ჰქონდათ გამოთქმული, რომელთაგან, საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ არცერთი არ გაითვალისწინა. გენდერული კვოტის გაუქმება: 2024 წლის აპრილში განხორციელებული კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებით გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტა პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. ამ შემთხვევაშიც იყო გამოყენებული პრეზიდენტის ვეტო, რომელიც პარლამენტმა ამჯერადაც დაძლია. საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც, ვენეციის კომისიის კრიტიკა მოჰყვა, დაჩქარებული წესით იქნა განხილული და მიღებული. ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოვება: 2024 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ რამდენიმე ცვლილება შეიტანა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რითაც ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებითი უფლებამოსილებები მიანიჭა. კერძოდ, პარტიის მიერ გარკვეული ფინანსური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. გარდა ამისა, ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, გამოითხოვოს ნებისმიერი პირისგან ნებისმიერი, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისა და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. „დელეგატების“ ინსტიტუტის შემოღება: 2024 წლის მაისში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, პარტიას მიეცა უფლება, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა „დელეგატად“ გაამწესოს. ამ ცვლილების მიზანი ის არის, რომ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების იდეა ახლა უკვე ე.წ. დელეგატებით იქნეს ჩანაცვლებული. საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა: 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება. ეს ცვლილება აზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. მანამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა. მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში მხილებული „ხარებას“ ამოქმედება თითქოსდა არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით: 2024 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. ტერიტორიული ჯგუფები. ამ ჯგუფების დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. აღნიშნული ჯგუფები შეიძლება ამოქმედდნენ იმ შემთხვევაშიც, როდესაც კენჭისყრის შენობასთან „ხალხის ნაკადია“. საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა: მთლიანობაში, საარჩევნო წელს ხელისუფლების აქტიური საკანონმდებლო პოლიტიკა მანამდე არსებული საკანონმდებლო სტანდარტების გაუარესების მიმართულებით უხეშად არღვევს აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობა სტაბილური უნდა იყოს და, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, ხშირ ცვლილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს",- აღნიშნულია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში, რომელიც სრულად შეგიძლიათ, იხილოთ აქ: TI რეკომენდაციებსაც აქვეყნებს: „ხელისუფლებამ უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში; ამასთანავე, აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში აისახოს ყველა ის შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელსაც წლიდან წლამდე იმეორებენ თავიანთ დასკვნებში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია; ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნეს საარჩევნო კანონმდებლობაში, წინ უნდა უძღოდეს ფართო კონსულტაციები პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან და უნდა უფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს; წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები; ხელისუფლებამ გააუქმოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახლახანს მინიჭებული ანტიკონსტიტუციური უფლებამოსილება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რაიმე საფუძვლით პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიმართვის შესახებ; ცესკომ არ დაუშვას ისეთი ადმინისტრაციული აქტების მიღება, და გააუქმოს უკვე მიღებული ისეთი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკანონმდებლო აქტებს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლების სხვა ორგანოებმა არ დაუშვან არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის ჩართულობა; სასამართლოებმა განახორციელონ რეალური სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე; ანტიკორუფციულმა ბიურომ თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე“ სუბიექტის სტატუსის უსაფუძვლოდ, კანონის თვითნებურად განმარტების გზით, მინიჭებისაგან; კომუნიკაციების კომისიამ თავი შეიკავოს, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებებით, კრიტიკული მედიის შევიწროვებისაგან და რეალური კონტროლი განახორციელოს პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი საარჩევნო რგოლების გავრცელებაზე; შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად გამოიძიონ ამომრჩევლის მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, ამომრჩევლების ნებაზე სხვა მხრივ ზეგავლენის განხორციელების, არჩევნების პროცესში პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის, განსაკუთრებით მათ წარმომადგენლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, სხვა ძალადობრივი ქმედებები, და ნებისმიერი სხვა სამართალდარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე და არჩევნების შედეგებზე; ხელისუფლების ორგანოებმა და უწყებებმა თავი შეიკავონ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებზე საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მათი ნების გარეშე მობილიზებისაგან, მათი იძულებისგან, დაესწრონ ასეთ შეკრებებს; ხელისუფლებამ თავი შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას",- ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)