06:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:30:02, 1019 ნახვა

სამართალი
ვახო სანაია: ადამიანს, რომელსაც მკვეთრად უარყოფითი შემხებლობა ჰქონდა გიორგი სანაიას საქმესთან, მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს (ინტერვიუ)

ცნობილი ქართველი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობიდან თითქმის 15 წელი გავიდა, თუმცა საქმე ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად გამოძიებული. ოჯახი საქმეს პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს და გამოძიებას ისევ ითხოვს. ჟურნალისტის ძმა ვახო სანაია „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში  აცხადებს, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველა დაისჯება დამკვეთებიც, შემსრულებლებიც და საქმის გამყალბებლებიც.

სანაიას თქმით, პროკურატურამ საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი თქვა.

ვახო სანაია აცხადებს, რომ საქმის გამომძიებელი სერგო გაგნიძე, რომელიც საქმის „გახსნით“ ამაყობს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

გიორგი სანაია 2001 წლის ივნისში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მაშინ სანაია 26 წლის იყო. იმ დროისთვის იგი ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად ითვლებოდა. ოფიციალური ვერსიით, გიორგი სანაია საყოფაცხოვრებო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, თუმცა ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა არც გიორგი სანაიას ოჯახი და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც არ სჯერა ამ ვერსიის.

ხელისუფლება როდესაც შეიცვალა პროკურატურას გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნით მივმართეთ, მაგრამ პროკურატურამ საქმე წარმოებაში არ მიიღო. გვითხრეს, რომ ვერ გამოვიძიებთო.

ვახო, ახლა რა გეგმები გაქვთ? რას აპირებს გიორგი სანაიას ოჯახი?

ჩვენ ისევ ისე ვითხოვთ გამოძიებას, როგორც თავიდან ვითხოვდით. მთელი 15 წელია ამას ვითხოვთ - ჯერ ერთი ხელისუფლების დროს, მერე მეორე ხელისუფლების და ახლა უკვე მესამე ხელისუფლების დროს.  არცერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ მოხდა ამ საქმის ჯეროვანი გამოძიება. ამ დრომდე არ მომხდარა მკვლელობის დამკვეთების ვინაობის დადგენა. იგივე მოთხოვნა გვაქვს ახლაც, რაც წლების წინ გვქონდა.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებს, რომლებსაც მკვეთრად უარყოფითი შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმესთან პირდაპირ თანამდებობაზე დანიშნეს.

ვის გულისხმობთ?

თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო პოლიციის დეპარტმანეტის ხელმძღვანელად დაინიშნა სერგო გაგნიძე.

ვახო უფრო გასაგები რომ გახდეს მოუყევით ჩვენს მკითხველს რა შემხებლობა ჰქონდა მას საქმესთან?

გაგნიძე იყო ამ საქმის გამომძიებელი და ის ამაყობს, რომ მე გავხსენი ეს საქმეო. ამის შესახებ მან ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა.

ეს ხდება იმ დროს, როდესაც მტკიცებულებები ან უგულებელყოფილია ან ფალსიფიცირებული. მაგალითად, არსებობს მოწმე - პურის გამყიდველი ნათელა ქართველიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მან ღამით სახლში ანთებული შუქი დაინახა, მაშინ როდესაც გიორგის ეთერი ჰქონდა, მისი ცოლშვილი კი დასასვენებლად იყვნენ წასულები - ამ დროს სახლში არავინ უნდა ყოფილიყო. ამ მოწმეზე რას გვეტყვის ან მაშინდელი გამომძიებელი გაგნიძე, ან პროკურატურა?! ამ მოწმეს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

მინდა გითხრათ, რომ საქმეში უამრავი ასეთი მოწმეა. როდესაც უამრავი მოწმე ერთ ჩვენებას აძლევს და შემდეგ ყველა ეს მოწმე ჩვენებას ცვლის, ეს არ ნიშნავს რომ მოწმეების დაშინება მოხდა?

საქმე თავიდან ბოლომდე „შეკერილია“.  ეს საქმე თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული რომ არის, მგონი ეს სასაუბროდაც არ ღირს. ყველაფერი გადათელილია. აქედან გამომდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პრეტენზია ძალიან ბევრია.

რას უკავშირებთ იმას, რომ არცერთი მმართველობის დროს არ მოხდა საქმის ჯეროვანი გამოძიება?

ეს იყო ძალიან სერიოზული და გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა, შესაბამისად ამას აქვს თავისი მიზეზები. რას დავუკავშირო ის, რომ ადამიანი, რომელიც ამ გაყალბებული საქმის ავტორობით ამაყობს, ასეთ მაღალ თანამდებობაზე ინიშნება. ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს.

მოვა დრო და ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, რისთვისაც პასუხს ძალიან ბევრი ადამიანი აგებს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ დამკვეთებზე, დამხმარეებზე და შემსრულებლებზე, არამედ აქ საუბარია იმაზეც ვინც ამ საქმის გაყალბებაში, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებაში მიიღეს მონაწილეობა, რა გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ სასამართლოში, რა დარღვევებითაც მიდიოდა საქმე. ყველას მოუწევს პასუხისგება. ამ საქმის მთავარი სასამართლო პროცესი, რომელიც გაიმართება ჯერ კიდევ წინ არის. რომელმა ხელისუფლებამ რა მოტივაციით არ დაიწყო ამ საქმის გამოძიება ეს კიდევ ცალკე თემაა. მე სანამ ცოცხალი ვარ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს, რა დრო და ძალისხმევაც არ უნდა დამჭირდეს ამისთვის. არავის არ სჯერა გამოძიების ოფიციალური ვერსიის. საქმე მთლიანად ფალსიფიცირებულია.

რატომ არ მოხდა ამ საქმის გაგზავნა სტრასბურგის სასამართლოში? ამის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობდა თუ სხვა რაიმე მიზეზი იყო?

ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ხდებოდა საქმის მთლიანი ფალსიფიცირება და აბსოლუტურად სხვა მიმართულება მისცეს საქმეს, რა თქმა უნდა გაყალბებით. სასამართლო პროცესები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, იმისათვის რათა აბსურდული და ბინძური ვერსიები საზოგადოებაში გაევრცელებინათ.

ჩვენ საქართველოში ვცდილობდით, რომ ამ საქმეზე შიდა სასამართლოს გზით გვეპოვა სამართალი და ამასვე ვცდილობთ ახლაც. ჩემი მიზანი არის, რომ მოხდეს ამ მკვლელობის ობიექტური გამოძიება და საქართველოს მოსახლეობას გაეცეს კონკრეტული პასუხი. ჩვენ ამ საქმეს საქართველოში გამოვიძიებთ, ეს აუცილებლად მოხდება. არა მგონია, რომ შორს იყოს ეს დრო. ჩვენთვის მთავარია დამკვეთებზე გავიდეთ და საქმის გამოძიება მოხდეს.

სტრასბურგი და სხვა საკითხები ჩემი თვითმიზანი არ არის. ჩემთვის არ არის მთავარი ის რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება გამოიტანოს. სტრასბურგი სხვა მიმართულებაა. სტრასბურგი გაამტყუნებს სახელმწიფოს, მაგრამ ამით არც დამკვეთები, არც შემსრულებლები და არც საქმის გამყალბებლები არ დაისჯებიან, ჩემთვის კი მთავარი ამ ადამიანების დასჯაა. 

იაგო ნაცვლიშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics