2015-02-13 14:04:57, 356 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა შრომის პირობების მონიტორინგს იწყებს
საქართველოს მთავრობამ შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო და ჯანსარი გარემო.
პროგრამის ამოცანებია: შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; გამოვლენილ დარღვევებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და კონსულტირება; იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტიტუციონალური რეფორმის საჭიროებების განსაზღვრა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დამსაქმებლები, რომლებმაც წერილობითი თანხმობა განაცხადეს ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ ამ დამსაქმებლებთან. მონიტორინგის განხორციელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დამსაქმებლის/საქმიანობის სიდიდეზე, მაგრამ ერთ ობიექტზე არა უმეტეს 7 3 სამუშაო დღისა. დასაბუთებულ შემთხვევებში, აღნიშნული ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, იმავე ვადით. შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი ხორციელდება ამ პროგრამის ეფექტურად განხორცილებისა და ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიციატივით. მონიტორინგის განხორციელების, რიგითობის და ვადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში, სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, შევლენ სოციალური პარტნიორების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიერ დამსაქმებელს 5 სამუშაო დღით ადრე ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მონიტორინგის დაწყების თარიღის შესახებ. ამ პროგრამაში ჩართული დამსაქმებელი მაქსიმალურად ხელს უწყობს მონიტორებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში (კერძოდ, ობიექტზე დაშვება, თავისუფალი გადაადგილება და დასაქმებულებთან შეხვედრა/გასაუბრება, საჭირო დოკუმენტების და ინფორმაციის წარდგენა).
დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია: მოითხოვოს ინფორმაცია მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ; მოითხოვოს სოციალური პარტნიორის წარმომადგენლის დასწრება მონიტორინგის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე; გაეცნოს მონაცემებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ; გაეცნოს მონიტორის მიერ მომზადებულ დასკვნას; წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები/მოსაზრებები მონიტორინგის განხორციელების პროცესისა და მომზადებული დასკვნის შესახებ; მიმართოს მონიტორს რეკომენდაციებისთვის შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; მიმართოს სამუშაო ჯგუფს და შესაბამის ორგანოებს მონიტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში. მონიტორინგის განხორციელებამ გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დამსაქმებლის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან