2015-02-13 13:14:17, 505 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: საგანელიძე მართალია, პრეტენზია ფრაქციის წევრებს ფრაქციის თავმჯდომარესთან უნდა ჰქონდეთ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიმართ უმრავლესობის წევრების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" წევრი ლევან ბერძენიშვილი არ ეთანხმება.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავად კრიტერიუმების შესახებ ინფორმირებული იყო. ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეტენზიის შეთხვევაში, უმრავლესობის წევრებს პირველი კითხვით ფრაქციის თავმჯდომარისთვის უნდა მიემართათ.
"როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა ვერ მიიღესს რაღაც გარკვეული პასუხი.ჩემთვის ეს მოლაპარაკება, შეთანხმება, შეთავაზება წინასწარ ცნობილი იყო, როგორც უმრავლესობის წევრისთვის და მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საგანელიძე, მემგონი, უბრალოდ მართალია.პრეტენზია ფრაქციის წევრებს პირველად ფრაქციის თავმჯდომარესთან უნდა ჰქონდეთ. ჩემს ფრაქციას რომ არ დავეთანხმო, პირველ კითხვას ჩემს ძმას დავუსვამ, რომელიც ფარქციის თავმჯდომარეა.მემგონი, აქ არის ტექნიკური საკითხი. გაერკვევიან მეგობრები. ჩვენ არ გვაქვს ეს პრეტენზია",-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე კი ამბობს, რომ დეპუტატები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით მეტ ინფორმირებას ითხოვენ, რაც გასაკვირი არაა. ჩაფიძე დარწმუნებულია, რომ ინციდენტი აღმოიფხვრება.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მას მიმართვისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა ამბობს, რომ კრიტერიუმები უმრავლესობის ფორმატში არ განხილულა.
საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ უმრავლესობა ერთიან იდეოლოგიას, მოკავშირეობას მოკლებულია. მათი შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი შემაკავშირებელი ფულია.
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" კი, 16 დეპუტატის მიმართვას მიესალმებიან და ამბობენ, რომ კარგია, როცა დეპუტატები მიხვდნენ, რომ პარლამენტი თავისუფალი მოქალაქეების შეკრების ადგილია.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე უმრავლესობას მეტ კოორდინირებულ საუბარს ურჩევს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ის კრიტერიუმები, რომლითაც დავით საგანელიძე პრეზიდენტთან მივიდა, არაკონსტიტუციურია.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან