2015-02-13 12:41:51, 708 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: პრორუსმა მებრძოლებმა მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ბრძოლები გააქტიურეს
პრორუსმა მებრძოლებმა მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ბრძოლები გააქტიურეს,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცადა.
მისივე განმარტებით, უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი აქვს. პოროშენკოს განმარტებით, თუ მინსკის შეთანხმება დაირღვევა, ეს რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების გატარების მიზეზი იქნება.
"სამწუხაროდ, პრორუსმა მებრძოლებმა მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ბრძოლები გააქტიურეს. ისინი ძირითადად დებალცევოსთან არიან კონცენტრირებული, სადაც ხაზს ჩვენი ძალები იცავენ. ჩვენი პოზიციაა ის, რომ ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს, რადგან ყოველდღიურად მას უდანაშულო ადამიანები ეწირებიან. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის მხარდაჭერამ. მე ვენდობი მათ. თუ მინსკის შეთანხმება დაირღვევა, ეს შემდგომი სანქციების გატარების მიზეზი იქნება",-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მინსკში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ ინტენსიური შეტევები ხორციელდება. ძირითადი სამიზნე ამჯერად ლუგანსკია. არსებული ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ გასროლილი ჭურვები, ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში აფეთქდა.
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან ცეცხლი შეწყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან