14:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 14:12:14, 336 ნახვა

საზოგადოება
საია - საგანგაშოა, რომ რუსული კანონის პროტესტისას პოლიციელთა სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება არ მომხდარა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) "რუსული კანონის" პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს აკვირდება და სასამართლო სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, "იმის ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა".

"საია მონიტორინგს უწევს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ 9 პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის იდენტიფიცირება მოახდინა. ყველა მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება/განიხილებოდა და თითოეული პირის მიმართ სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა, რომელიც არც გადასინჯვის შედეგად შეცვალა.

ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საიას მიერ სასამართლო პროცესების მონიტორინგი წლებია ავლენს, რომ ხშირ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს. რჩება განცდა, რომ მოსამართლეები, ძირითადად, შაბლონურად აფასებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მიზნებსა და საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის საფუძვლები, შესაძლოა, თანდათან განეიტრალდეს და მისი გამოყენების აუცილებლობა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარ არსებობდეს.

საიას მიერ წლების განმავლობაში სხდომებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლას მაშინაც კი არ ითხოვს, როდესაც ამოწურულია ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ასეთ შემთხვევებში ბრალდების მხარე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, ორიენტირებული უნდა იყოს პატიმრობაში არ დარჩნენ ისეთი პირები, რომელთა მიმართაც პატიმრობის საფუძვლები აღარ არსებობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, "პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად”. ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად.

მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვისას საფუძვლიანად იმსჯელონ პატიმრობის უცვლელად დატოვების მიზანშეწონილობაზე, მხედველობაში მიიღონ ახალი გარემოება/გარემოებები და გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ ბრალდებულები პატიმრობაში.

აღსანიშნავია, პროცესების დაგვიანებით დაწყებაც. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების პროცესების ნაწილი 20 წუთი და მეტი დროით დაგვიანდა, ერთ შემთხვევაში 50 წუთითაც. სხდომათა დაგვიანების მიზეზი სხვადასხვაგვარია: მოსამართლის მიერ სხვა პროცესის განხილვა, მხარეთა დაგვიანება და სხვა. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სასამართლო სხდომების დაგვიანებით დაწყება ხშირი მოვლენაა. საიას სასამართლო საქმეების მონიტორინგი ავლენს, რომ თითქმის ყოველი მესამე სხდომა დაგვიანებით იწყება. სასამართლო მათ შორის ვერც გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე უზრუნველყოფს სხდომების დროულად დაწყებას.

საგულისხმოა, რომ ზემოთხსენებული საქმეებიდან ორი პირის საქმის განხილვა უკვე დასრულდა, ბრალდებულებმა უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები და სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა -  ერთ მათგანს ჯარიმა, ხოლო მეორეს პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. დანარჩენი საქმეები კი, არსებითი განხილვის ეტაპზეა და უმრავლეს მათგანზე უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

იმის ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

საია აგრძელებს რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე დაკვირვებას და მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციების შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics