|
2024-07-22 12:22:29, 444 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, ტრამპის არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას შეძლებს, მტკნარი სიცრუეა
ივანიშვილის პროპაგანდა - თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. “გუშინ დავბრუნდი უმნიშვნელოვანესი ვიზიტიდან, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილუოკში "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესს დავესწარი. ეს იყო "რესპუბლიკური პარტიის" ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ყრილობა, რომელსაც 50 000 "რესპუბლიკელი" ესწრებოდა, სადაც საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმოდგენილი. სწორედ იქ დასახელდა დონალდ ტრამპი ოფიციალურად, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი. მინდა, თამამად განვაცხადო, რომ "რესპუბლიკური პარტიის" "ლიდერშიფი" მტკიცედ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა კონგრესში სწორედ ტრამპის მხარდამჭერ კონგრესმენს - ჯო უილსონს ეკუთვნის, რომელსაც მხარი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა - "დემოკრატებისგან", ისევე, როგორც "რესპუბლიკელებისგან". შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებით, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით და ივანიშვილის ანტიდასავლური და ანტიამერიკული ხელისუფლების ჩანაცვლებით დემოკრატიული პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული კოალიციური მთავრობით. მეტიც, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ყრილობაზე გამოსვლაში ისაუბრა რუსეთის შემოჭრაზე საქართველოს ტერიტორიაზე, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა იქნება ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ. შეუძლებელია, დონალდ ტრამპის და ივანიშვილის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი რუსეთის გამარჯვებაზე დებს ფსონს, დონალდ ტრამპი კი, ძლიერი ამერიკის და შესაბამისად, დასავლეთისა და უკრაინის ერთობლივი გამარჯვების ფლაგმანია. დონალდ ტრამპი იქნება შეუწყნარებელი ჩინეთის გავლენების გაძლიერების მიმართ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა ამერიკელები განდევნა ანაკლიის პორტიდან და შავ ზღვაზე სტრატეგიული პორტის მშენებლობა და შესაბამისი გავლენა ამერიკელების მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას გადაულოცა. ერთადერთი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის, არის სწორედ ხელისუფლების ცვლილება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას და არ ირწმუნებს იმ ტყუილს, რომლის ტირაჟირებასაც ივანიშვილის და მისი პროპაგანდისტული არხები ცდილობენ“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)