პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა წლის პირველი საჯარო ლექცია თემაზე: „ჩვენი სახელმწიფო“.
1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა პირველი ლექცია - „ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში". ამ თარიღის აღნიშვნას და ტრადიციად დამკვიდრებას ემსახურებოდა პარლამენტის თავმჯდომარის თსუ-ში საჯარო ლეციის წასაკითხად მიწვევა. „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.
დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა სახელმწიფოებრიობის საფუძვლებზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ერთპარტიული სისტემიდან მრავალპარტიულ სისტემაზე ტრანსფორმაციის პროცესზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე და სხვა საკითხებზე. მოხსენების შემდეგ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიების დასასრულს, „წლის პირველი საჯარო ლექციის" ჩატარებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე სიგელით დაჯილდოვდა.
საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საჯარო ლექციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ამაღელვებელი დღეა ჩემთვის. მე მგონი, ემოციურად ყველაზე დატვირთული გამოსვლა მქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საჯარო ლექცია, თან რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის დამაარსებლის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველის, ივანე ჯავახიშვილი მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას, ამ დღეს, ამ აუდიტორიებში ლექციის კითხვის - რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივი იყო და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ უნივერსისტეტის რექტორს, სტუდენტებს, პედაგოგებს მოწვევისთვის. შევეცადე მესაუბრა იმაზე, თუ საიდან მოვდივართ, სად ვართ და სად უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო შევქმნათ, იმისთვის რომ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი ვიქცეთ თანამოქალაქეებად და უკვე სამოქალაქო საზოგადოება ვიყოთ ჩვენივე სახელმწიფოს ბატონ-პატრონი და ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენ 200 წლის განმავლობაში არა მხოლოდ არ გვქონია სახელმწიფო, არამედ ამ 200 წლიდან 70 წელი, კომუნისტური ეპოქის დროს, ვანგრევდით სახელმწიფოს მიზანმიმართულად. იდეოლოგია ეფუძნებოდა იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა გვქონოდა. თავისუფლების მოპოვების შემდგომ, ბევრი შეცდომა დავუშვით და სამწუხაროდ სამოქალაქო ომი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გადავიტანეთ, შემდგომ გაგრძელდა და დღემდე გრძელდება „ცივ სამოქალაქო ომად“, ანუ „ცივი ომის“ მდგომარეობიდან ვერ გამოვედით, როდესაც საზოგადოება სულ დაყოფილია რაღაც ნაწილებად, მტრულ ნაწილებად და ეს ნაწილები ერთმანეთთან კონკურეციის რეჟიმში კი არ ვართ, როდესაც ვცდილობთ სხვაზე უკეთესი ვიყოთ, არამედ მტრობის, ერთმანეთის დასუსტების რეჟიმში ვართ. ეს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის. დღეს, ჩვენ შევეცადეთ და კითხვა-პასუხიც ამას ეძღვნებოდა, ყოველგვარი კონკრეტიკისა და დეტალების გარეშე გვესაუბრა ამ საზოგადო პრობლემებზე, მაგრამ ვთქვით ისიც, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ მოვესწრებით იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო გვექნება, ანუ ჩვენ ვიქნებით თანამოქალაქეები, რომლებსაც გვექნება განცდა, რომ მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. ასეთ დროს ჩვენი სახელმწიფოც იქნება ძლიერი და მოაგვარებს ყველა იმ პრობლემაბს, რაც გვაწუხებს,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან