|
2024-04-28 20:09:05, 404 ნახვა
პოლიტიკა
რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. აქციაზე ამ წუთებში სიტყვით გამოსვლებია, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით, სავარაუდოდ, მსვლელობას გამართავენ. აღსანიშნავია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ჩანიშნულია ხვალ, 29 აპრილსაც. ამასთან, 29 აპრილს შეკრება დაანონსებული აქვს ასევე "ქართულ ოცნებას". შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)