|
2024-04-09 13:54:19, 341 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში იხსენებს რა 2023 წლის 26 თებერვლის განცხადებას, გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ, შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. სამ ათწლეულზე მეტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს სანდო პარტნიორია, მხარს უჭერს ქვეყნის განვითარებას ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. შეგახსენებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ანალიტიკურ შეფასებას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნითა და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან კონსულტაციით ჩატარდა და რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის წარმომადგენლობა ასევე ეხმაურება გენდერული კვოტირების საკითხს და უთითებს, რომ მისი გაუქმება გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში უკან გადადგმული ნაბიჯია. „ამასთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად. საქართველოში საარჩევნო გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის შემოღება იყო გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დიდი ხნის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქალთა სისტემური გარიყვის კომპენსირებას. მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)