|
2024-02-27 22:14:01, 736 ნახვა
საზოგადოება
ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს
დღეს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, პროტესტის ჯგუფის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს, შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი, - ამის შესახებ ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში. "ექსპრესნიუსი" დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : „სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის მხრიდან, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის პროექტს, მსგავს დესტრუქციულ ქმედებას უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი - ჩაიშალა ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიური ღონისძიების შემდეგ, გზა გადაუკეტეს და ცილისმწამებლური ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ ჰქონდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოეხდინათ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება, რაც სამწუხაროდ, რადიკალური ჯგუფის ქმედებების გამო, ვერ განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღესაც, ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეთა მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულ ქმედებას. უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს და არ მისცეს საშუალება განეხორციელებინათ ტერიტორიის შესწავლა და შეფასება. დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს აღნიშნულ რადიკალურ ქმედებებს და პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმას, რაც ხელს უშლის კონსტრუქციულ დიალოგს და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმოებას. დღეს, კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს ბალდის კანიონის პროექტის განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, დღეს გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს. ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში - პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები. შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორისათვის მიუწვდომელია, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს. ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)