|
2024-02-26 10:13:43, 555 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: „გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ნებართვები კახა კალაძესთან ახლობლობით გაიცემა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გადაცემა „შაბათის ეთერის“ რეპორტაჟი წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს თბილისის მერის, კახა კალაძის და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. რეპორტაჟში საუბარია რამდენიმე დეველოპერულ პროექტზე, სადაც ჟურნალისტის მტკიცებით, „ნებართვების საკითხი, უცნაურად მოკლე დროში, უხილავი ხელის საშუალებით მოაგვარა”. სინამდვილეში, გადაცემაში დასახელებულ ყველა სამშენებლო პროექტზე ნებართვა გაცემულია, მხოლოდ და მხოლოდ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც „TV პირველი” ამტკიცებს, საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვაზე დეველოპერს ჯერ უარი ეთქვა, თუმცა „კალაძესთან პირადი ნაცნობობით” ნებართვა მიიღო და უფრო მეტიც, მოცულობაში გაზრდილი პროექტი დაამტკიცა. სინამდვილეში, ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე „გაპი“ ანუ განაშენიანების პირობები 2016 წელს გაიცა, რომლითაც გათვალისწინებული იყო ტერიტორიაზე ავტოსამრეცხაოს, ავტომობილების პროფილაქტიკისა და ოფისების მშენებლობა. 2018 წელს დეველოპერმა არქიტექტურის სამსახურს მიმართა მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვისთვის. რადგან „გაპი“ გაცემული იყო ზემოთჩამოთვლილი ობიექტების მშენებლობაზე, არქიტექტურის სამსახურმა უთხრა უარი და მისცა რეკომენდაცია, ახალი განაშენიანების პირობების (გაპის) დადგენაზე. მშენებელმა გაითვალისწინა რეკომენდაცია, წარმოადგინა ახალი განაშენიანების პირობები, რის შემდეგაც მოიპოვა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ობიექტზე კ2 კოეფიციენტი არ გაზრდილა და მტკიცება, თითქოს, პროექტის მოცულობა გაზრდილია, ასევე წარმოადგენს ტყუილს. მეორე ბრალდება შეეხებოდა გლდანის რაიონში მიმდინარე კონკრეტულ მშენებლობას. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ადგილი ჰქონდა პროექტის დარღვევებს, რაც სამწუხაროდ, ქართულ სამშენებლო სექტორში გავრცელებული პრობლემაა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მთავრობამ გაამკაცრა სამშენებლო დარღვევების მონიტორინგი, ცხადი გახდა, რომ თითქმის ყველა მშენებარე ობიექტს უდგინდება მსგავსი ტიპის დარღვევები. შესაბამისად, დარღვევების აღმოჩენის დროს, დეველოპერს უარი ეთქვა პროექტის კორექტირებაზე, ვიდრე არ წარმოადგენდა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ორჯერ მოხდა პროექტის კორექტირება და ორივე ჯერზე გამოიწერა ჯარიმა 15 000-15 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს ჯარიმა არა 15 000, არამედ 20 000 ლარი უნდა ყოფილიყო, ესეც არის დეზინფორმაცია. 20 000-ლარიანი ჯარიმა განკუთვნილია უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში და არა დარღვევებით მიმდინარე მშენებლობის დროს. კიდევ ერთი თემა, რაზეც რეპორტაჟში ისაუბრეს, შეეხებოდა ბურძგლას ქუჩაზე, კომპანია „ათორის“ მიერ აშენებულ კორპუსს. აბსოლუტურად გაუგებარი და აბსურდულია ამ მშენებლობის კონტექსტში დედაქალაქის დღევანდელი ხელისუფლების ხსენება, რადგან აღნიშნულ პროექტზე სამშენებლო წარმოება ჯერ კიდევ 2014 წელს, გიგი უგულავას მერობის პერიოდში დასრულდა, რის შემდეგაც თბილისის მერიაში არანაირი სანებართვო წარმოება აღარ მომხდარა. გადაცემაში ასევე საუბარი იყო დიდ დიღომში განხორციელებულ მშენებლობაზე, სადაც მათივე მტკიცებით, მოხდა კ2-ის გადამეტება. ესეც მორიგი ტყუილია. ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს. დიდი დიღმის პროექტი განხორციელდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით და კ2 კოეფიციენტი არ გაზრდილა. პროექტში არსებული ავტოფარეხის ფართი შეყვანილ იქნა სამშენებლო ფართში, რადგან მისი ჭერის სიმაღლე აღემატებოდა 3 მეტრს. თუ ფართის სიმაღლე 3 მეტრზე მეტია, ის არის კ2-ის საანგარიშო ფართობი. შესაბამისად, მშენებლობის მოცულობა არ გაზრდილა, ავტოფარეხებისთვის არსებული ფართი აისახა პროექტში კ2-ის საანგარიშო ფართობად. რეპორტაჟის მიხედვით, თითქოს მერია უარს ეუბნება კონკრეტულ მშენებლებს სამშენებლო ნებართვებზე და მხოლოდ კონკრეტული პირების ჩარევის შედეგად იღებს დადებით გადაწყვეტილებებს. რეალურად, თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის ახდენს რეაგირებას, ადგენს ხარვეზებს და ითხოვს მათ გასწორებას. არ არსებობს სანებართვო წარმოება, სადაც ხარვეზი არ დადგენილა. მხოლოდ ამ პირობების გასწორების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ნებართვები. სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ტელეკომპანია ბოდიშს მოუხდის საკუთარ მაყურებელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მათი შეცდომაში შეყვანის გამო. საზოგადოებას კი ვთხოვთ, არ ენდონ ე.წ. ფეიქ ნიუსებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან",- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)