|
2024-02-20 13:11:05, 711 ნახვა
პოლიტიკა
ადმინისტრაცია - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო "კინო მშვიდობისთვის" ორგანიზებით გამართულ გალაღონისძიებაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას მსოფლიოს პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ადმინისტრაციის ცნობითვე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა: "ქალბატონებო და ბატონებო, მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში მართლაც, რომ სასწორზე დევს და გამოწვევის წინაშეა. ეს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე უკეთ ცოტამ თუ იცის. ზუსტად 103 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, ახალგაზრდა გოგონა მარო მაყაშვილი საქართველოში შემოჭრილი რუსეთის მე-11 არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა - რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ, რომელიც ამ საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებდა. რუსეთის ჯარები წინ მიიწევდნენ. ქვეყანა, რომელშიც ისინი შეიჭრნენ იყო სუვერენული და დემოკრატიული მოდელის კონსტიტუციით, რომელიც წინ უსწრებდა დროს და რომელშიც მაგალითად, არჩევნებში ქალების მიერ ხმის მიცემისა და ქალის არჩევის უფლებები სათანადოდ იყო აღიარებული. მაშინ დემოკრატია და თავისუფლება ჩაახშეს, დადგა ტერორისა და რეპრესიების დრო. ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა, ხანგრძლივი 70 წელი, რომელიც ანადგურებდა ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტას, ცდილობდა, მოესპო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მაგრამ ამაოდ. რუსეთის მხრიდან მეორე აგრესია საბჭოთა რუსეთის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე განხორციელდა. ამას მოჰყვა ჩემი ქვეყნის ნაწილების დე ფაქტო ოკუპაცია, რომელსაც გაყინული კონფლიქტების არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა. ეს 17 წელი გაგრძელდა. 2008 წელს მესამე შემოჭრამ რუსეთს ოკუპაციის კონსოლიდირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისკენ გაუხსნა გზა. მსგავსი ისტორიის მოყოლა შეიძლება უკრაინაზე, მოლდოვაზე, რუსეთის თითქმის ყველა მეზობელზე, მათ შორის, ახლა უკვე გამქრალ პატარა კავკასიურ სახელმწიფოებსა და ენებზე, რომლებმაც საკუთარ ხორცსა და სისხლზე გამოსცადეს, რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის მეზობელი, რომელმაც არ იცის თავისი საზღვრები, რომელიც არ ცნობს და პატივს არ სცემს სხვის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არ ცნობს ყველაფერზე მაღლა მდგომ ღირებულებებს - ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას. და სწორედ ეს არის დემოკრატია. არა იმიტომ, რომ ეს თავისთავად აუცილებლად უკეთესი პოლიტიკური სისტემაა. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია მოითხოვს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუკერძოებელ სასამართლოს, ძალაუფლების ბალანსს, უმცირესობების პატივისცემას და ჩვენ ამის მისაღწევად ვიბრძვით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყოველივე ზემოთქმული მთავარი მიზნის მისაღწევი საშუალებებია, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო, მთავარი, შეუვალი, დაუმარცხებელი საგანძური - ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ღირსება და ადამიანის თავისუფლება. უზრუნველვყოთ ის, რაც ძირითადი, დაუმარცხებელი საგანძურია, რომელიც ჩვენ ყველას საერთო გვაქვს - ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს ჩვენთვის ყველაზე მტკიცედ იცავენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით თუ და როდესაც კაცობრიობის წაშლის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. სწორედ ეს გააკეთა მარო მაყაშვილმა იმ დღეს. ყველა, ძველი თუ ახალი გამოწვევის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ჩვენი საერთო ღირებულებაა. სწორედ ამას ემსახურება ეს ფორუმი და კინო მშვიდობისთვის; ამას ემსახურება ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს დაჯილდოვდა. ამას ემსახურება და ეს მისია აქვს რომის პაპს ფრანცისკეს, რასაც საქართველოს პატრიარქსა და მსოფლიოს ყველა რელიგიურ ლიდერთან ერთად იზიარებს. მე ასევე მჯერა, რომ ჩვენთვის, ანალენა, პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომელიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ყველანი არჩეულნი ვართ არა კონკრეტული ინტერესების წარმოსადგენად, არა უფრო მეტი ძალაუფლების გამოსაყენებლად, არამედ ჩვენი ხალხის უფლებებისა და ღირსების, მათი თავისუფლებისა და უნიკალურობის დასაცავად", - განაცხადა ზურაბიშვილმა, აღსაიშნავია ასევე, რომ ღონისძიებაზე უკრაინის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისათვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვთა დაცვაში შეტანილი ჰუმანიტარული წვლილისთვის "კინო მშვიდობისთვის" ჯილდო რომის პაპს, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანს, ბან კი მუნსა და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს გადაეცათ.
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)