14:59 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 10:55:54, 349 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში ცოლისა და ქმრის პასუხისმგებლობასა და ურთიერთობაზე საუბრობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ცოლისა და ქმრის პასუხიმგებლობასა და ურთიერთობაზე საუბრობს.

როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ქმარი არის ოჯახის თავი, თუმცა ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს.

„ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი.

ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.

როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ“,-აღნიშნავს პატრიარქი.

უწმინდესი მეუღლეებს შეახსენებს, რომ ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს  გულისხმობს.

„ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური “მეს”-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე“,-ბრძანებს პატრიარქი.

უწმინდესი აღნიშნავს, რომ დიდი ბედნიერებაა სიყვარულით ოჯახის შექმნა.

„როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.“რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად“,-ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.

ამასთან, უწმინდესი აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება, ბავშვის დაბადება და მათზე მზრუნველობა.

„ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.

როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს“,-ბრძანებს უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში.

ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად “მცირე ეკლესიად” იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics