12:19 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-31 11:43:16, 8605 ნახვა

პოლიტიკა
ქართული პოლიტიკის ანი და ჰოე 2023 წელს

2023 წლის დასაწყისი ცხელი და ხმაურიანი აღმოჩნდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებით. მას შემდეგ, რაც ენმ-ში თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა, პარტია, ფაქტობრივად, ორ ბანაკად - მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას და თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად დაიყო, რასაც თან ურთიერთბრალდებები და დაპირისპირებები ახლდა. პროცესმა კულმინაციას 28 იანვარს მიაღწია, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩია. მელიამ ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და „ბრძოლაში დარჩენის“ შესახებ განაცხადა, მისმა მომხრეებმა კი თქვეს, რომ პარტიაში „ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა“ გაიმარჯვა. წლის განმავლობაში, ენმ-ის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის კრიტიკამ და დაპირისპირებამ იმატა, რაც წლის ბოლოს პოლიტიკური განქორწინებით დასრულდა. 7 დეკემბერს, ნიკა მელიამ პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა და ახალი პარტიის დაფუძნება დააანონსა. აღნიშნული გადაწყვეტილების გახმოვანებამდე და მის შემდეგაც, ენმ-დან დემარშით არაერთი წევრი წავიდა, წასვლამდე კი, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ნგრევაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. პროცესებში დისტანციურად, მაგრამ მაინც ჩართული იყო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვითარების განმუხტვა პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდითა და „სუპერ პაკ-ის“ შექმნის ინიციატივით სცადა.

პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ იმატა თებერვლის დასაწყისში საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა, მსოფლიოს კი, მისი „სიკვდილით დასჯის“ აღკვეთისკენ მოუწოდა. ზელენსკის განცხადებებით გამოწვეული გაღიზიანება მმართველ პოლიტიკურ ძალას არ დაუმალავს, რაც საბოლოო ჯამში, იქამდე მივიდა, რომ ზაფხულში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალი მოხდა. ივლისში ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა და საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. მომხდარს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „შეურაცხმყოფელი ნაბიჯი“ უწოდა და თქვა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან საქართველო „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში დარჩებოდა. აღნიშნულის პარალელურად, ზამთრის მიწურულიდან ქვეყნის მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მოთხოვნას ექსპრეზიდენტის დაავადებებითა და ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ კი, სასჯელისგან თავის არიდების სურვილით ხსნიდა. 12 მაისს, საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა კლინიკა „ვივამედიდან“ ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ საკითხზე ვნებათაღელვა მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, თუმცა გაძლიერდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სააკაშვილის შეწყალებაზე მოწოდებები.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შესაძლო შეწყალების საკითხი პრეზიდენტის ინსტიტუტსა და აღმასრულებელ-საკანონმდელო ხელისუფლებას შორის მზარდი დაძაბულობის მიზეზად იქცა, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა. მანამდე, მეხუთე პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კონსპირაციული თეორიების შეთხზვაში დასდო ბრალი და მათ შორის, საპარლამენტო ტრიბუნიდან უთხრა, რომ „მოდელირებული სცენარებით, რომელებიც რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს საეჭვოდ ემთხვეოდა“, შედეგს ვერ მიაღწევდა. ზურაბიშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ასევე მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც „საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობდა“. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს, ხან ოპოზიციურ ნარატივში ხან კი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში სდებდა ბრალს. სწორედ ამ უკანასკნელით ახსნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბიშვილისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტზე უარი. პარტიის თავმჯდომარემ კი, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპაში ოფიციალური ნებართვის გარეშე წასული პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინების თანაავტორიც გახდა. 16 ოქტომბერს, სასამართლომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, ორი დღის შემდეგ კი, პარლამენტმა, ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, თუმცა მმართველმა გუნდმა ხმების მობილიზება ვერ შეძლო.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია, ე.წ. რუსულ კანონს უკავშირდებოდა. მარტში ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. მას შემდეგ, რაც ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოჰყვა, „ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა და ამტკიცებდა, რომ ის „ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, „ნაკლებად ლიბერალური" იყო. 7 მარტს, პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად კი, რუსთაველის გამზირზე აქციები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს შეკრებილი მოქალაქეები წყლის ჭავლის, „წიწაკის სპრეისა“ და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა. მასობრივი პროტესტის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ე.წ. რუსული კანონი არ მიეღო. 9 მარტს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ვენეციის კომისიიდან გამოწვეული კანონპროექტი, 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო.

აპრილის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში იყო აღნიშნული, 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს  - მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს კორუფციული საქმიანობის გამო უწესებდნენ. ოპოზციამ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, თუმცა საკითხის კენჭისყრა ვერ შედგა, რადგან „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

შეერთებული შტატებისგან სანქციების პოლიტიკა ამით არ დასრულებულა, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველ-რუს ოლიგარქ ფარცხალაძესთან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. 18 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, სებ-მა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 სექტემბერს, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. დასანქცირებების შემდეგ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ როგორც მოსამართლეების ისე, ფარცხალაძის სანქცირების გამო, აშშ-ს მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქართველოში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩ კელი დეგნანს ამის გამო თავს არაერთხელ დაესხა.

აშშ-ის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, მმართველმა პარტია მოიწონა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებები, რომლებიც მაისში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარს „დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება", „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, „რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველისთვის სასჯელის მოხსნა“ უწოდა. უფრო შორს წავიდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ოკუპანტი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ გაუხარდებოდა, „ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეს შესაძლებლობა, საქართველოს მოსახლეობას სავიზო რეჟიმი მოუხსნას“. საპასუხოდ, ოპოზიციამ ხელისუფლება რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში, ქვეყნის მოსახლეობის ნების უგულებელყოფასა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა. მთავრობის ოპონენტებმა მმართველ პარტიას განცხადებები, დაგვიანებული ან არასაკმარისი რეაქციები დაუწუნეს მაშინაც, როცა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის გახსნა დააანონსეს; როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის „შეთანხმება" დაამტკიცა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ხელი მოაწერა.

წლის განმავლობაში, კანონპროექტების დამტკიცებასა და ვეტოების დაძლევასთან ერთად, პოლიტიკური კრივისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვან პლაცდარმად იქცა საქართველოს პარლამენტი, სადაც ზოგიერთი კანონმდებელი არც მიკროფონის მოქნევას ერიდებოდა და არც „ქართულ-ჯიგრულად“ გინებას, იმატა ქალ დეპუტატებზე სიტყვიერი თავდასხმის ფაქტებმაც. 31 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე სხდომაზე ასევე ენმ-ის წევრ ანა წითლიძის მიმართ არაკორექტული განცხადებებით გამოირჩეოდა მმართველი პარტიის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური. მომხდარიდან მალევე, ბერაიამ  აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, ღუდუშაურმა კი განაცხადა, რომ წითლიძესთან საბოდიშო არაფერი ჰქონდა.

მთელ წელს ლაიტმოტივად გასდევდა მმართველი პარტიის განცხადებები საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაზე, რომელშიც „ქართული ოცნება“ ხან ევროპარლამენტარებს, ხან უკრაინას და ხანაც ოპოზიციას ადანაშაულებდა. დაახლოებით, იმავე ნარატივს აგრძელებდა ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც საქართველოში „მეორე ფრონტის“ მისაღწევად უკრაინის მიერ სააკაშვილის ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავდა.

ხელისუფლებაში მყოფი ძალა იმის პარალელურად, რომ საქართველო, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელოდებოდა, ევროდეპუტატების განცხადებებზე ან მათ მიღებულ რეზოლუციებზე ამბობდა, რომ მათ „ჩალის ფასი“ ჰქონდათ. ოპოზიცია და მთავრობა ერთმანეთს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებდა, მმართველ პარტიაში ასევე ფიქრობდნენ, რომ საბოტაჟში ოპოზიციის დამხარე საქართველოს პრეზიდენტი იყო. ურთიერთბრალდებები ისმოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხზე, ტემპსა და ზოგადად, შესრულება-არშესრულების საკითხზეც, რაც იმით დასრულდა, რომ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, 14 დეკემბერს კი, ევროპული საჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო EU-ის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ოპოზიციამ ამისთვის მადლობა ხალხს და პარტნიორებს, კობახიძემ - ხალხს, ღარიბაშვილმა კი, ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.

მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ 2023-ის ფინალური პოლიტიკური მოვლენა EU-ის გზაზე მიღწეული წარმატება იყო, 30 დეკემბერს, მოულოდნელად, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას მესამედ ფორმალურად დაუბრუნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics