|
2023-12-31 11:12:28, 2549 ნახვა
სამართალი
სამართალი და საქართველო 2023 წელს
2023 წელი საქართველოსთვის, სამართლებრივი თვალსაზრისით, რთული და დატვირთული აღმოჩნდა. წლევანდელმა გახმაურებულმა საქმეებმა, სასტიკმა მკლელობებმა და სასამართლო პროცესებმა საზოგადოების ნაწილზე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბადრი ესებუას დაკავება გახმაურებულ საქმეთა სიაში პირველი ადგილი „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის, ბადრი ესებუას დაკავებამ დაიკავა, რომელიც 2023 წლის 8 თებერვალს, ორწლიანი ძებნის შემდეგ, ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა. საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბადრი ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე დააკავეს, ხოლო 9 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალი, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარუდგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრალი ესებუამ მხოლოდ 30 მარტის სასამართლო სხდომაზე აღიარა. აღნიშნულის შემდეგ, 5 აპრილს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო 23 ივნისს, ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და 13 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს საქმე 2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმემ საზოგადოებაში ინტერესი გამოიწვია. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები 16 მარტის საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთაა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა გარდაცვლილი ანი იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის ინტერვიუს, რომლიც მან „შაბათის ფორმულას“ მისცა და დეტალურად აღწერდა, რა მდგომარეობაში და სად იპოვა შვილი. დედის თქმით, მოზარდს სხეულზე ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ამასთან, დედა ირწმუნებოდა, რომ 12 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა და ის მოკლეს. აღნიშნულის შემდეგ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გავრცელდა, რომელიც ნათქვამი იყო, რომ მოზარდის სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა, რომელსაც წინ რიგი ძალადობრივი ქმედებები უძღვოდა. ამასთან, დასკვნაში 39 სხვადასხვა სახის დაზიანებაც აისახა, რომლებიც როგორც სხეულზე, ასევე სახის და ყელის მიდამოებში იყო მიყენებული. 5 ივლისს, საზოგადოებისთის ცნობილი გახდა, რომ, გენერალურმა პროკურატურამ მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს, დავით გრიგოლიას ბრალად სამსახურეობრივი გუგრილობა დაედო. მას 10 ოქტომბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა. აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ამასთან, 27 დეკემბერს, ანი იანუშაიტიტეს საქმეზე ოჯახმა მტკიცებულებების FBI-ში გაგზავნა მოითხოვა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კი, უნდობლობა გამოუცხადა. გარდა ამისა, ნატო ხუტაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტიც, რომელიც მისი თქმით, შედგენილია თვითმხილველებზე დაყრდნობით. ლაზარე გრიგორიადისის საქმე სამართალზე საუბრისას არ შეგვიძლია არ შევეხოთ ე.წ. მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ ლაზარე გრიგიადისს, რომელიც სამართალდამცავებმა 29 მარტს დააკავეს, 30 მარტს კი ბარლი წარუდგინეს და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას ედავებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული მოვლენების შემდეგ საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, 22 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. აღნიშნულის საპასუხოდ, 25 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გიგორიადისის სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებულ შეკითხვას შემდეგანაირად უპასუხა: „არავის შეწყალებაზე არასდროს არ ვსაუბრობ და კითხვებზეც არ ვპასუხობ. ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება“. სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე ბრალდება დაამძიმა 8 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს ბრალი დაუმძიმდა. სასამართლომ მსჯავრდებულებს, გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადა. რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა: • ზაზა ჭაავა - 1 წელი; • მურად დევლარიშვილი - 1 წელი; • გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი; • გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი; • თედო ბურდული - 3 წელი. მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის“ ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას“ ფოტოგრაფის - ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის - ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები. აღსანიშნავია ასევე, რომ 5 ივლისის აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ვაკის პარკის საქმე გახმაურებულ საქმეებს შორისაა ასევე, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეც, რომელზეც 2023 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი, ხოლო ექსპერტსა და მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლომ იურიდიული პირების, მათ შორის, „გრინსერვის პლუსის“, შპს „მშენექსპერტისა“ და „ექსპერტიზა დიზაინის“ კანონდარღვევებიც დაადგინა და მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ნიკა გვარამიას შეწყალება ყველასათვის მოულოდნელი და საინტერესო აღმოჩნდა 2023 წლის 22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფნგზე განაცხადა. „დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეწყალებიდან რამოდემიმე საათში ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა, მედიასთან პირველ კომენტარში კი განაცხადა, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას არ მოელოდა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელი დააკავეს პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, საქმე აქტუალურობას არ კარგავდა და ხშირი განხილვის საგანი ხდებოდა. სწორედ აღნიშნული განხილვების ფონზე, 2023 წლის 23 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავა. მიზეზი კი სერგო შუბითიძის განცხადება გახდა, სადაც მან აღნიშნა, რომ გოგონას ტელეფონი, რომელიც თავის დროზე საქმეში მთავარი სამხილი იყო, ამოღების შემდეგ არ დაილუქა და 15 ივლისის შემდეგ, მასში არცერთი პირადი შეტყობინება არ ყოფილა, ტელეფონში შენახული იყო მხოლოდ მისი მოთხოვნები ინტერნეტში, რომლებიც გამოძიებამ შეაფასა, როგორც დაგეგმილი თვითმკვლელობის მტკიცებულება. აითაჯ შარხმაროვას მკვლელობის საქმე 2023 წელს ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა, სადაც 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის ასიმ ასლანოვმა ქორწინების მოტივით, დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“ და კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა. უამრავი გაქცევის მცდელობიდან ბოლო აითაჯ შახმაროვასთვის საბედსწერო აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, 6 ოქტომბერს, ასიმ ასლანოვმა გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მას შემდეგ მოკლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა, თავად კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცავებმა 10 ოქტომბერს დააკავეს. მოგვიანებით, 14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდა და 15 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ასიმ ასლანოვის ბიძას, ახრიმან ასლანოვსა და ბიძაშვილს, ბაქირ ალიევს ბრალი წარუდგინა. 16 ოქტომბერს კი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფრდათ. გარდა აღნიშნული პირებისა, 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალდება წარუდგინეს კიდევ სამ პირს, მათ შორის გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ასიმ ასლანოვს, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გარდაცვლილი აითაჯ შახმაროვას დედას, ეგანე მაგარამოვას და ბიძას, ნადიკ მაგარამოვს. აღსანიშნავია ასევე, რომ 27 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აითაჯის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ასიმ ასლანოვს ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. პატიმრების გაქცევის საქმე არანაკლებ საინტერესო და რეზონანსული აღმოჩნდა 1-ელ ნოემბერს, თბილისში, „ავერსის“ კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი 3 პატიმრის გაქცევაც, თუმცა სამართალდამცავებმა გაქცევიდან მეორე დღეს ერთ-ერთი პატიმარი და საბადრაგო ჯგუფის უფროსი ივერი ნატრიაშვილი, ერთ-ერთი გაქცეული პატიმრის ძმა ( კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით) და საბადრაგო ჯგუფის წევრი რევაზ იასაშვილი დააკავეს. აღნიშნული მოვლენებიდან მალევე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკიდან გაქცეული სამიევე პატიმარი დაკავებული იყო. ბრეგაძის თქმით, ისინი სამართალდამცავებმა თბილისთან საკმაოდ ახლოს დააკავეს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა პირებმა დამატებითი დანაშაულები ჩაიდინეს, მათ საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსით დამატებით 6-დან 8 წლამდე სასჯელი დაეკისრებოდათ. რაც შეეხება ივერი ნატრიაშვილსა და რევაზ იასაშვილს, მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულებს მათზე დაწესებული მოვალეობისა და სამსახურში დადგენილი წესების შეუსრულებლობას ედავებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)