06:04 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 10:28:19, 1019 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრები - არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო

ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრების განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებას, რომელსაც თბილისის საკრებულოში ენმ-ის წევრები "ძალა ერთობაშიას" "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებენ "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრები მივიჩნევთ, რომ:

პარტიის არსებული მენეჯმენტი, დღიდან არჩევისა, გამოხატავს და ქმედებებით ამტკიცებს, რომ ის არ არის ორიენტირებული პარტიის ერთობაზე, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობასა და პარტიის შიგნით, განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შენარჩუნებაზე.

პრობლემა სათავეს თავმჯდომარის არჩევიდან მეხუთე დღეს მიღებული გადაწყვეტილებიდან იღებს, პოლიტსაბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც თვეების განმავლობაში, მენეჯმენტისა და თავმჯდომარის ქმედებებითა თუ რიტორიკით, გადაიზარდა მწვავე კრიზისში, რომელიც არა თუ გვარდება, აღიარებულიც არ არის და ღრმავდება.

დღეს, უკვე, კრიზისის დაყვანა პოლიტსაბჭოს წევრობა/არ წევრობამდე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემიდან გაქცევაა და არა მისი აღიარება და მოგვარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისმა პარტიის ყველა რგოლი მოიცვა, რასაც ნათლად ხედავს ამომრჩეველი და ამას საჯაროდ აფიქსირებენ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები.

ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას.

ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ, საკუთარი პარტიის მაგალითზე, საზოგადოებას უნდა ვანახოთ, რომ პარტიას სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია იყოს ყველას წარმომადგენელი და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის.

უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად.

ერთი ნიკა მელიას, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ.

იმისთვის, რომ დისკუსიისათვის გაჩნდეს სივრცე, არსებობდეს ერთობის შანსი და პარტია გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეს, რღვევისა და დაშლის ფონზე არ შეხვდეს 2024 წლის არჩევნებს - ვითხოვთ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოზიცია და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.

პოზიციას იზიარებენ და ხელს აწერენ: ნინო კვიტაიშვილი, ანა გოგოლაძე, მამუკა გუგეშაშვილი, გიორგი ონიანი, ზვიად კუპრავა და თორნიკე ბიკაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. 

29 ნოემბერს, ამავე მოწოდებას კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების ენმ-ის ფრაქციები და თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები შეუერთდნენ.

იმავე დღეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი დაემატა.

ცვლილების მიუხედავად, გუშინ, 30 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ენმ-ში უნდა მოხდეს "სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics