|
2023-11-01 11:48:18, 598 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც გვინდოდა
გორგასლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვერ მოხდება იმ ფორმით, როგორც გვინდოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, 360 ასწლოვან ხეს საფრთხე შეექმნას. „გვქონდა იდეა, რომ კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა, აბანოთუბანი-ბაგრატიონის ძეგლის მონაკვეთზე არსებული საავტომობილო გზა მიწის ქვემოთ ჩაგვეტანა, გვირაბები გაგვეკეთებინა, ზემოთ კი რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო. პროექტზე მუშაობა რომ დავიწყეთ, არსებობდა საფრთხე, რომ იქ არსებული ხე-მცენარეები ამას ვერ გაუძლებდა და მათი მოჭრა გახდებოდა საჭირო. შესაბამისად, თბილისის განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად დაიწყო კვლევითი სამუშაოები, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პროექტის ისე განხორციელება, რომ ხეები არ მოგვეჭრა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, კვლევებით დადგინდა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება იმ ფორმით, რა იდეაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა, თუმცა გორგასლის ქუჩაზე არსებული გზაგამყოფი სრულად რეაბილიტირდება. „კვლევები ჩატარდა დენდროლოგის, ინჟინრის, გარემოსდაცვის და ტრანსპორტის სპეციალისტის ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და გამოიკვეთა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნას, დაახლოებით, 360 ასწლოვან ხეს. მთელი ამ ქუჩის სილამაზე ამ ხეებშია და სწორედ ამიტომ გვინდოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. მათი უმრავლესობა ზრდასრული ჭადარია. შესაბამისი გამტარიანობის საავტომობილო გვირაბების მოწყობა გამოიწვევს ზრდასრული ჭადრის ხეების დაზიანებას და გზის დავიწროებას, რის შედეგადაც ეს მონაკვეთი ქალაქში არსებულ ნაკადებს ვეღარ გაატარებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც სატრანსპორტო ნაკადების შეფერხება, ისე ასწლოვანი ხეების გახმობის საშიშროება. პროექტის იმ ფორმით განხორციელება ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა იქ არსებული გზაგამყოფი მთლიანად მოწესრიგდება და მაინც ლამაზი სივრცე გამოვა“, - დასძინა კალაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)