12:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 11:07:21, 653 ნახვა

საზოგადოება
HRC - მარტის აქციებზე, სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გაფრთხილება მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ გაჟღერდა

7-8-9 მარტის აქციების დროს, პოლიციამ იმოქმედა სპეციალური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შესახებ შს მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი - წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დარღვევით, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" (HRC) ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ ისეთ ვითარებაში გაჟღერდა, როდესაც აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის.

"დაახლოებით, 20:00 საათისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. ამ დროისათვის, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 10 000 აჭარბებდა. პარლამენტის გვერდითა შესასვლელებიდან, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, საჭირო გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პარლამენტის შენობიდან გამოყვანა.

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის შესასვლელებთან მოაწყვეს კორდონი და დემონსტრანტებს არ მისცეს ამ ქუჩებზე გადაადგილების შესაძლებლობა. დაახლოებით, 20:20 საათზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წიწაკის გაზი და დაიწყო შეკრების მონაწილეთა დაშლა, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ერთი სპეციალური საშუალების - წყლის ჭავლის გამოყენება. ამ შემთხვევაშიც, აქციის მონაწილეები პოლიციას წინასწარ არ გაუფრთხილებია. სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გაფრთხილება გაჟღერდა მხოლოდ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ - ისეთ ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაშლისათვის.

გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე, რაც განმეორდა მომდევნო დღესაც", - ვკითხულობთ ანგარიშში.

HRC-ს ცნობით, 8 მარტის აქცია, "თავისი ბუნებით" მშვიდობიანი იყო და აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ ძალადობრივი განზრახვა".

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, 8 მარტის აქცია, თავისი ბუნებით იყო მშვიდობიანი და აქციის მონაწილეებს არ ჰქონიათ ძალადობრივი განზრახვა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მის დასაშლელად გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წიწაკის გაზი და წყლის ჭავლი - როგორც 8 მარტს, ისე შუაღამის შემდეგ - 9 მარტს. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პოლიციელი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალების მიმართულებით ასხურებდა წიწაკის გაზს. ასევე, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ პოლიცია წყლის ჭავლში ურევდა წიწაკის გაზს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ქმნის ადამიანთა მიზანმიმართული დაზიანების საფრთხეს.

გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორების შეფასებით, დაფიქსირდა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის არაერთი შემთხვევა პოლიციის თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს.

7 და 8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის შემთხვევები. კერძოდ: პოლიციამ იმოქმედა სპეციალური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების შესახებ შს მინისტრის ბრძანების საწინააღმდეგოდ, გამოიყენა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი - წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა და პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპის დარღვევით. საერთო ჯამში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, 7 და 8-9 მარტის აქციების მიმდინარეობისას პოლიციის ქმედება - მშვიდობიანი აქციის დაშლა, განსაკუთრებით, სპეციალური საშუალებების გამოყენებით - უტოლდება შეკრების თავისუფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ რეკომენდაციით:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • სრულყოფილად გამოიძიოს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ასეთი ქმედების ფარგლების შესახებ გაცემული ბრძანების კანონიერება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას და გაუმართლებლად არ ჩაერიოს ამ უფლებით დაცულ სფეროში;სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარი გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ გონივრული დრო დაშლისათვის;
  • უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში;
  • საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაიცვას ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • გადაამზადოს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებთ და უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება შსს-ს მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად", - აღნიშნულია ანგარიშში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics