14:34 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 14:51:00, 805 ნახვა

საზოგადოება
საია მარტის აქციებზე - პოლიცია ზოგჯერ აკავებდა მათ, ვინც უბრალოდ „ხელში მოჰყვებოდათ“

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) 7-9 მარტის აქციების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს. საიას ცნობით, ანგარიშში აქციების დაშლისა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასებაა მოცემული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციებზე უმეტესად აკავებდნენ არა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, არამედ მათ, ვინც აქციის დაშლის პროცესში "ხელში მოჰყვებოდათ", ხოლო შსს-ს მიერ აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

"აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა; რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით.

ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვისპროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა.

კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს. კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც", - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, საიას შს სამინისტროსადმი რეკომენდაციაა, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს შემუშავებული და დამტკიცებული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა აქციის მართვის/დაშლის შესახებ, ასევე, აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დროულად გამოიყენოს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი;

"იმისთვის, რომ მომავალში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა მნიშვნელოვნად აღარ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების უფლება, ამასთანავე, აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფების მიერ სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, არაპროპორციული და ზოგჯერ უკანონო ღონისძიებების გატარებით არსებითად აღარ შეილახოს შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების დიდი უმრავლესობის უფლებები, მნიშვნელოვანია, ქვემოთ ჩამოთვლილ უწყებებს მიეცეთ შემდეგი რეკომენდაციები: 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს შემუშავებული და დამტკიცებული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა აქციის მართვის/დაშლის შესახებ;

2. აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დროულად გამოიყენოს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი;

3. აქციის დაშლისას მყისიერი საფრთხის გამომრიცხავ გარემოებებში უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გაფრთხილება კანონით დადგენილი ფორმით;

4. სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება აქციის მშვიდობიანი და სამართალდამრღვევი მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო ლოკალური და ინციდენტური ხასიათის შემთხვევებზე რეაგირებისას მხოლოდ სამართალდამრღვევთა მიმართ გამოიყენონ ინდივიდუალური და პროპორციული საშუალებები;

5. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს მიეცეთ მკაცრი მითითება სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების თაობაზე;

6. უზრუნველყოს სამართალდამცავების მიერ სპეციალური საშუალებების წესების დაცვით გამოყენების ზედამხედველობა;

7. უზრუნველყოს თანამშრომელთა მომზადება მედიის წარმომადგენლების ფუნქციის, პასუხისმგებლობისა და უფლებების შესახებ, განსაკუთრებით კი, აქციების დროს მათი როლის თაობაზე. ეს ხელს შეუწყობს სამომავლოდ აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის პრევენციას;

8. უზრუნველყოს სათანადო სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი სწავლებების ჩატარება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებისგან მედიის წარმომადგენლების გასამიჯნად;

9. შეკრებებში მონაწილეთა დაკავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერი საფუძვლების არსებობისას, გადამეტებული ძალის გამოყენების გარეშე;

10. აწარმოოს რობოკოპის აღჭურვილობის მკაცრი აღრიცხვა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სამართალდამცავთა იდენტიფიცირება, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს;

11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებში მოხდეს სამართალდარღვევის ფაქტის დეტალური აღწერა;

12. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების იზოლატორში მოთავსების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდეთ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება;

13. პოლიციის თანამშრომლებს ჩაუტარდეთ გადამზადება ადმინისტრაციული წესით დაკავების წინაპირობების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტაციის მომზადებისა და დაკავებულ პირებთან შესაბამისი კომუნიკაციის თაობაზე;

14. ერთჯერადი პლასტმასის ხელბორკილის (ცალუღის) დადებისას სამართალდამცავმა დაკავებული პირი გააფრთხილოს, რომ ძალდატანებამ/წინააღმდეგობის გაწევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება ან სხეულის დაზიანება. ამასთან დაკავშირებით შემუშავდეს შესაბამისი პროტოკოლი.  

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

15. უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;

16. უზრუნველყოს თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

საქართველოს პარლამენტს:

17. განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;

18. გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;

19. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გავრცელდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული უფლებები.

სასამართლოს:

20. მოსამართლეებმა გონივრული ვადა დაუთმონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას;

21. მოსამართლეებმა უარი თქვან მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ოქმებსა და მათ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით პირის სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკაზე და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდება, გადაწყვიტონ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ", - წერია ანგარიშში.

​ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics