2015-02-10 18:17:47, 814 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა
კომპანია WELL-ის და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკონტეინერო ტერმინალში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ჩინეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ასევე „საპარტნიორო ფონდისა“ და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი, ახალი ეპოქის დასაწყისი საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდისა და ახალი ბიზნესების განვითარების კუთხით“,-ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთიდან პირველი სარკინიგზო მატარებლის შემოსვლის ფაქტი.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩინეთიდან საქართველოში პირველი, პირდაპირი მატარებელი შემოვიდა. პირველივე ეტაპზე ეს პროექტი საქართველოს პორტებისთვის დააგენერირებს დაახლოებით 50-60 ათასი ახალი კონტეინერის მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პორტებისთვის, ასევე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. შემდგომში, მთელ ეკონომიკურ სარტყელზე, აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან, როცა დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, მთლიანად შეიკვრება ერთიანი, დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონში საქართველოს როლს ეკონომიკური დანიშნულების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი საშუალებას იძლევა სატრანზიტო დრო ხუთჯერ შემცირდეს საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით. (თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვა).
[18:18:04] kusa amiranshvili: აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
მათი თქმით, ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. ასევე, პროექტის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით. კომპანიებს დაგეგმილი აქვთ თავიდან ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველკვირეულად ერთი ბლოკ მატარებლის გადაზიდვის განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს ტვირთის მფლობელებს, ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტებისა და საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, დაახლოებით $100-120 მილიონის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მომავალში ბლოკ მატარებლის ორივე მიმართულებით (ჩინეთი-საქართველო, თურქეთი-ყაზახეთი) დატვირთული მუშაობის შედეგად ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან