|
2023-10-18 14:19:25, 578 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს და პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გეგმაზე ისაუბრა. თბილისის მერის განცხადებით, გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის პროექტის მომზადება დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება. მანვე ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმისთვის, რომ მერის მოადგილეებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ საკითხს. „დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი, გულისწყრომა და მინდა, ამ ადამიანებს განვუმარტო, რას გეგმავს დედაქალაქის მერია. ვიცი, რომ ჩემი მოადგილეები შეხვდნენ მოსახლეობას და ამ ადამიანებმა გაიგეს ყველაფერი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. დედაქალაქი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, აქტიურ ფაზაში გადავიდა დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოსაწყობად, რაც დაგვეხმარება, დავაკმაყოფილოთ 2014 წელს გაფორმებული ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული გარემოსდაცვითი ვალდებულება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვასა და უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან მეთანის გაზის შეგროვებას. EBRD-მ დედაქალაქს დაუქირავა საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია Enviroplan S.A., რომლის კონსულტანტებმაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარეს ყველა საჭირო კვლევა. კომპანია მიმდინარე წლის დეკემბერში დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება გაზშემკრები სისტემისა და გაზის უტილიზაციის შესახებ ტენდერი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით. ტენდერის დასრულების შემდეგ კი დაიწყება პროექტის განხორციელება. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა გამოცდილება და პირდაპირ ვიტყვი, ადამიანური რესურსიც არ არსებობდა, ვინც ასეთ სტრატეგიულ პროექტზე იმუშავებდა და უშუალოდ პროექტს წარუდგენდა მუნიციპალიტეტს. ამიტომ, საერთაშორისო კომპანიების და ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მინდა ამისთვის EBRD-ს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ნარჩენების სეპარირების მიმართულებით ის კონკრეტული პროექტებიც დაასახელა, რომლის განხორციელებაც ლილოს პოლიგონზე იგეგმება. „EBRD-ისა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ICP-ის დახმარებით, ახლო მომავალში იგეგმება მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური დამუშავების საწარმოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მშენებლობა. ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იქნება ამ შენობა-ნაგებობებისა და დანადგარების კონცეპტუალური დიზაინი. ეს იქნება ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების, განთავსებისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა. ამ ეტაპზე ტექნიკური მახასიათებლების შემუშავება მიმდინარეობს, რის შემდეგაც EBRD-ის ეგიდით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული პროექტი მომავალი წლის განმავლობაში დასრულდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის მდგომარეობა არის პრობლემური, თუმცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და უკვე გვაქვს ის შედეგი, რომ კონკრეტული პროექტის განხორციელება მოხდება იმ პროექტების საფუძველზე, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)