20:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 13:48:44, 778 ნახვა

სამართალი
14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე.

"მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მითითებული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, იყო პატიმრობა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. არსებობდა მიმალვის საფრთხე და ორივე ბრალდებულს ჰქონდა მჭიდრო კავშირი საზღვარგარეთ, ჰქონდათ ხშირი კვეთა და ვიზიტები სხვადასხვა სახელმწიფოებში. თუ ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება გამოკვეთა და რამე შემხებლობა ჰქონდა და იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება რომელიმე პირის ქმედებაში, ის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში",- განაცხადა ვლადიმერ ბექიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურტურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი გუშინ, 15 ოქტომბერს წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით  (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობის საქმეს, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 14 წლის აითაჯ შახმაროვას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები "ქმარმა" მიაყენა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე'' "თ'' და "კ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ'' ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics