|
2023-09-24 15:45:35, 788 ნახვა
პოლიტიკა
მელია - არაფერი განსხვავება „ოცნების“ ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის
არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, საქართველოში 90-იანი წლები რეინკარნირდა, რაც წარსულს უნდა ჩაბარდეს. "დიღმის სამმართველოში, მინუს დროებითი დაკავების იზოლატორი, სადაც ვიყავი და ვერაფერს ცუდს იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე - არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე... მე ველოდები გამარჯვებას ამ ქვეყნის, ამ ხალხის. 90-იანი წლები, რომელიც რეინკარნირდა და "შპანა" და "კანონიერი ქურდები" რომ უბან-უბან დაძრწიან და აკონტროლებენ ყველაფერს, ეს უნდა ჩაბარდეს მთავარ სახელმწიფოებრივ გამოწვევებთან ერთად წარსულს. სირცხვიალია, კალენდარზე 2023 წელია... ეს ხალხი დასამარცხებელია და დამარცხდებიან",- თქვა მელიამ. ცნობისთვის, 22 სექტემბერს, თბილისში, გლდანში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს და აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ საკრებულოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა, რასაც ზარნაძე უარყოფს. საკრებულოს სხდომაზე ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა, რის პასუხადაც ზარნაძემ მისი მისამართით დროშები ისროლა. გლდანში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეძგვერაძისა და მისი თანმხლები პირების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება მელიას, დოლიძესა და კუპრავას, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოხდა. "დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 23 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)