|
2023-08-10 18:36:22, 1350 ნახვა
საზოგადოება
მწერლები და გამომცემლები - ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, არ ვიღებთ ახალ დირექტორს
ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს", - ამის შესახებ მწერლების, მთარგმნელების, გამომცემელებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი აღნიშნავენ, რომ კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნაზე კატეგორიულად მიუღებელია და დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის პოლიტიკას. "მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე. ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის. ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას. მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ : იაკი კაბე ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)