|
2023-07-19 14:37:22, 818 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო - ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება, ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს,- ასე ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. პოლონეთის დიპლომატიური უწყება ინციდენტს "შეთანხმებასთან შეუსაბამოს, განუზრახველსა და გაუთვალისწინებელს" უწოდებს და განცხადებაში უთითებს, რომ "არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე". „პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. თბილისში, „ვივამედის“ კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება, ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე. პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“,- აღნიშნულია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. აღნიშნულის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგარეო უწყებას მოუწოდა, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე საელჩოს პოზიცია მოესმინა. საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ მარიუშ პიეტრ ჟაკს შორის შეხვედრა 17 ივლისს გაიმართა.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)