|
2023-07-13 12:19:12, 1013 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლაზე - თბილისში ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დასჯიან
ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეგნანმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია "ძალიან შემაშფოთებელია". "ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები, შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ქრისტიანული ღირებულებები, უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება და იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ პროტესტის მონაწილეებს არ დაუშვებდნენ ტერიტორიაზე და რომ ისინი უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ ფესტივალისგან. არცერთი არ მომხდარა. უმართავ ბრბოს საშუალება მისცეს, თბილისის ქუჩებში კილომეტრები ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე. ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს... ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან“,- თქვა დეგნანმა. შეგახსენებთ, 8 ივლისს "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჩაშალეს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველების მიუხედავად, პოლიციის არაერთი კორდონი გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. "თბილისი პრაიდმა" ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციამ ვითარების გამწავავების პარალელურად გაავრცელა განცხადება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ტერიტორიას ტოვებდნენ. რაც შეეხება "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს, მათ ღონისძიების ჩატარების ადგილი დაიკავეს, სცენა და სასცენო მოწყობილობები დააზიანეს და ინვენტარის ნაწილი დაწვეს. აღნიშნულის შემდეგ განცხადება გააკეთა ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარეხველიძემ, რომლის თქმითაც, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე "პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული", თუმცა "ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი". ღონისძიების ჩაშლას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისკენ, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კი, დაპირისპირების წაქეზების შეწყვეტისკენ მოუწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის დროს 2 პირი დააკავა.
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)