20:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 09:40:20, 1319 ნახვა

ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთმა ხერსონში გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე უარი თქვა

რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს წარმომადგენლების შეშვებაზე, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

როგორც გაეროში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თანამშრომლობს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებთან ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიანი მიწოდების თაობაზე ყველა ადამიანისთვის, ვინც კახოვკის კაშხლის დამანგრეველი განადგურებით დაზარალდა. რუსეთის ფედერაციის მთავრობა ამ დრომდე უარყოფს ჩვენს მოთხოვნას დროებით მისი სამხედრო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე წვდომის შესახებ. გაერო გააგრძელებს ჩართულობას საჭირო წვდომის მოსაძიებლად. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად",- აღნიშნულია გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე.

8 ივნისს ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ოლეშკის მერმა, ევგენი რიშჩუკმა საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის შს მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად 42 ადამიანი ითვლება, დაღუპულთა რიცხვი კი 10-მდე გაიზარდა.

ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.

9 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics