|
2023-06-13 13:17:50, 696 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი მედიას - გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის
ჩვენი საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული პროცესები, იმსახურებს, ფლობდეს მეტ ინფორმაციას და იცოდეს სიმართლე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ განწყობებზე, მათ წარმომავლობაზე და მოლოდინზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან გასულ კვირას გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. „რთულია, ბრიუსელმა უგულებელყოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად გვემუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. რთულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა უგულვებელყონ ის ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ შეგვექმნა ყველა წინაპირობა, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. რთულია, ასევე არ დაინახო ოპოზიციის დიდი ნაწილის ძალისხმევა, ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად გადააქციოს ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად. ასევე რთულია არ შეიმჩნიო ის გამალებული კამპანია, რაც მიმართულია საქართველოს ისტორიული, სტრატეგიული არჩევანის - ევროატლანტიკური ოჯახის წევრობის საკითხზე უსაფუძვლო კითხვის ნიშნების გასაჩენად", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხშირად ისმის ფრაზა, რომ ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა. „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ფეხბურთის თამაში არ მგონია და არც იმას ვფიქრობ, რომ მოედნის ერთი ნახევრიდან მეორე ნახევარზე ბურთის გორაობის დრო და ფუფუნება გვაქვს, მაინც მოგმართავთ თქვენ, ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან: თუკი ბურთი საქართველოს მხარესაა და ფეხბურთის წესებით ვთამაშობთ გაითვალისწინეთ, რომ თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს ან მეკარე უფრო მეტ ბურთს გაუშვებს კარში. პარლამენტის ოპოზიციონერო წევრებო, თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებსაც მიმართა. „გილოცავთ, თქვენი ხმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბრიუსელშიც კარგად ისმის. იმდენად კარგად, რომ ამ ფონზე საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის კრიტიკა იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ძვირფასო ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციებს შეადარებთ და ზედსართავს - '"რუსული" ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ?" - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ასევე მიმართა სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს. „ბრიუსელში ძალიან ხშირად მოსიარულე სამოქალაქო საზოგადობის ზოგიერთ წარმომადგენელს მინდა მივმართო, გაუგებარია, რა გსურთ, როდესაც ბრიუსელში ითხოვთ ხალხს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და არა ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ყალბი ვაი ლობიზმი. მსგავსი რამ არ არსებობს, ისე როგორც ხელისუფლების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ლობირებს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მე მიჩნდება კითხვა, ქართული საზოგადოების რა ნაწილის დაკვეთით ითხოვთ ასეთ აბსურდს? და ზოგადად, ვინც ასეთი გამალებით ხართ ანტიქართულ კამპანიაშია ჩართული რა დაგიშავათ ასეთი საკუთარმა სამშობლომ, რომ ასე იმეტებთ ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში? " - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)