13:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 14:45:07, 1379 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრი - კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, რამაც ხერსონის ოლქში წყალდიდობა გამოიწვია, 27 ადამიანი დაკარგულად ითვლება,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ  განაცხადა.

კლიმენკოს თქმით, წყალდიდობის შემდეგ ხერსონის რაიონში 47 დასახლება დაიტბორა, აქედან 33 (3815 სახლი) უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო 14 დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, ხერსონის რეგიონიდან უკვე 2620 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა შორის 160 ბავშვია. 

"ჩვენ არ ვკარგავთ ძალას და რწმენას. ყველაფერს ვაკეთებთ ხალხის გადასარჩენად”,- განაცხადა კლიმენკომ.

კლიმენკოს თქმითვე, ნიკოლაევის რაიონში დატბორილია 31 დასახლება, ევაკუირებული იქნა 936 ადამიანი, მათ შორის 167 ბავშვი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე.

8 ივნისს, ჰესის აფეთქების შემდეგ დაღუპულების შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა. ოლეშკის მერმა, ევგენი რიშჩუკმა საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ტატიანა გასანენკოზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა.  

უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე.

რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა.

9 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics