13:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 23:07:06, 754 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით „მიუხედავად ყველაფრისა“

გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით "მიუხედავად ყველაფრისა", - ამის შესახებ "მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსზე საქართველოს უარსაც არ ეტყვიან, გადადებენ პასუხს ერთი წლით და ამას არჩევნებს დაუკავშირებენ. 

"გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით "მიუხედავად ყველაფრისა".

ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსზე უარსაც არ გვეტყვიან, გადაგვივადებენ პასუხს ერთი წლით და დაუკავშირებენ არჩევნებს. ამ გზით ანგარიშსაც გაუწევენ ქართველ ხალხს და იმასაც შეამოწმებენ, რას და როგორ "ვიმსახურებთ": თუ გვაქვს ძალა დავიცვათ დემოკრატია და დასავლეთი საკუთარ ქვეყანაში, მაშინ ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე კანდიდატის სტატუსია და მივიღებთ კიდეც ამ "ბევრად მეტს". თუ ვერ დავიცავთ - "ვეფხისტყაოსნიდან" აფორიზმების, პირველი რესპუბლიკის და პირველი კონსტიტუციის პროგრესულობის, შესანიშნავი მიტინგების და გულისგანმგმირავი ფოტოების, სოციოლოგიური კვლევების შთამბეჭდავი შედეგების მოხმობით ევროპული პრივილეგიების მოთხოვნა არც სამართლიანია, არც სერიოზული და არც ლოგიკური. მით უფრო, როცა რადიოაქტიური რუსული ხელისუფლება გყავს.

საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა "აქ და ახლა" მუშაობს და არა გუშინდელი, საუკუნის წინანდელი, ან ძველი წელთაღრიცხვის დამსახურებებით, ანდაც ხვალინდელი ან მომავალი დეკადების პროგნოზირებით. ეს უნდა გვესმოდეს, ამას უნდა შევეგუოთ, ამის შემხსენებლებს თავს კი არ დავესხათ, საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას შევეშვათ.

რას იტყვის "ოცნების" პროპაგანდა, არარელევანტურია. ნებისმიერ ვითარებაში რამეს იტყვის. პასუხის გაცემა სჭირდება მაგას და არა წინასწარ ვიშვიში.

P.S. გუშინდელ სხდომაზე "ოცნების" ბანდერლოგებზე აღარაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს და ამას ჩვენი ფორმალური თანხმობით აკეთებენ. საიდანაც გინდა მიაბი ქოთანს ყური, ასეა ეს", - წერს ნიკა გვარამია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics