|
2023-06-09 09:19:55, 1378 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჰესის აფეთქების შემდეგ, რუსეთი სიტუაციის გამწვავებას შეგნებულად ცდილობს
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, რუსი დამპყრობლები მიზანმიმართულად ცდილობენ, კიდევ უფრო გააუარესონ სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში იმ დასახლებების დაბომბვით, სადაც ევაკუაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ ხერსონისა და თავად ოკუპანტების მიერ დატბორილი რეგიონის დაბომბვას. „ისინი ბომბავენ ევაკუაციის პუნქტებსაც კი, რაც უკვე ბოროტების ისეთი გამოვლინებაა, რომელზეც ალბათ, მსოფლიოში არც ერთი ტერორისტი არ წასულა, გარდა რუსეთისა. დამპყრობლებმა მთლიანად მიატოვეს ხალხი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე. უკვე მეორე დღეა იქ კატასტროფა ფართოვდება - და ეს ასევე რუსეთის ხელმძღვანელობის აბსოლუტურად გაცნობიერებული არჩევანია“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ახლა მსოფლიოში არ არსებობენ ისეთები, ვინც „ვერ დაინახავს, რომ რუსეთს ურჩხულები ხელმძღვანელობენ“. "არაადამიანები, რომლებიც პირადად არიან უდიდესი კატასტროფა პლანეტაზე. პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ასეთ კატასტროფებს - ასეთ ტერორისტებს",- დასძინა ზელენსკიმ. ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა, ადგილობრივი დროით 02:50 საათზე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მომხდარის შედეგად, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკულ ზონაში, ათასობით ადამიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროს, რელიეფის სიდაბლის გამო, ის კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე დგას. დასახლებული პუნქტების დატბორვის საფრთხის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. აფეთქებიდან პირველ საათებში წყალმა მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორა 8 დასახლება და ხერსონის ერთი მიკრორაიონი მარჯვენა სანაპიროზე. ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის გამო, მდინარე დნეპრი, სულ მცირე, 150 ტონა ძრავის ზეთით დაბინძურდა. უკრაინის მთავარმა ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-მა გუშინვე განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური სამხრეთ უკრაინას ელექტროენერგიითა და სუფთა წყლით ამარაგებდა. აღნიშნული სადგური ასევე მნიშვნელოვანი იყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის, რადგან მისი გაგრილების აუზების სიმძლავრე დამოკიდებულია დნეპრში წყლის დონეზე. რაც შეეხება აფეთქებაში რუსეთის მონაწილეობას, კრემლმა მომხდარს "დაგეგმილი დივერსიის შედეგი" უწოდა, მასში რუსი ჯარისკაცების მონაწილეობა უარყო და "დივერსიის ავტორად" უკრაინა დაასახელა. გარდა ამისა, გუშინ, 8 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში იმ ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს, საიდანაც ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)