|
2023-05-28 12:32:37, 877 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფრენებსა და უვიზოზე - პუტინის გაკვირვება განპირობებული იყო იმით, რომ აპროტესტებდნენ ადამიანები, ვინც გუშინ ამას მოითხოვდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე. როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, "ამ ყველაფერს დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ რუსეთის ფედერაციას ამავეს თვითონვე სთხოვდნენ". “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. დღეს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ გზაზე „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. რაც შეეხება დასმულ შეკითხვას, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად შეიძლება ვუპასუხო, რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენასთან, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ ამას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, ვინც ამას გუშინ პირდაპირ მოითხოვდა და მოუწოდებდა რუსეთს, რუსეთის მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ, ტურისტულად ჩამოსულიყვნენ და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის მიერ ორმხრივი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, არ გაუპროტესტებია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა. ეს, როგორც იცით, ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო. რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში ან არა მხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერია. არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა ფრენების აღდგენაზე და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები, რასაც კონკრეტული ტელევიზიები ცდილობენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან მადლობას მოელოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უკმაყოფილება მოჰყვა. მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)