00:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 12:00:21, 2376 ნახვა

საზოგადოება
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელობის დიდი ხარჯები და უჰონორაროდ დარჩენილი ავტორები - აუდიტის ანგარიშის შედეგები

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია. მიმდინარე წლის 28 აპრილს ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ საქპატენტს, როგორც დამკვეთს, წარმოუდგინა  ასოციაციის საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის ანგარიში 140 გვერდისგან შედგება და ასახავს ასოციაციის საქმიანობის მრავალ ნაკლოვანებას, ამ განცხადებაში არსებული დარღვევებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე გავამახვილებთ ყურადღებას.

როგორც ირკვევა, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. სათანადო ინფორმაციის ასოციაციაში არ არსებობის გამო კი აუდიტმა ვერ დაადგინა თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა/გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20 % არამედ 47 % გაიხარჯა.  უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“  ხარჯია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.

ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით  233 062 ლარი მიიღო  (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.

აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად  შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20%-ის  შეადგინა  40%, კერძოდ,  2 158 279 ლარი.

მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა კი 2022 წელს სარგებლის სახით 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას – 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას – 5 959 ლარს,  სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს  და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს).

ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.

ზემოთ აღწერილ ხარვეზებთან ერთად, ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია აუდიტის ანგარიშში მითითებული კიდევ ერთი ნაკლოვანება, კერძოდ დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას (2021 წ – 2 804 ლარი, 2022 წ – 9 599 ლარი) არამიზნობრივად იყენებდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ავტორებზე განაწილების ნაცვლად.

აღნიშნულ მონაცემებზე განცხადება „საქპატენტმაც“ გაავრცელა, საიდანაც ირკვევა რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ – ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა. ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს  და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.

ასევე ირკვევა რომ კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, საქპატენტმა 2023 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი 2021-2022 წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად აუდიტორული მომსახურების შესყიდვა იყო. დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

გასულ წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან 2022 წელსაც მნიშვნელოვანი თანხები  ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.

„დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქპატენტს და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

საქპატენტმა წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით (ვინაიდან მიმდინარეობდა ზემოხსენებული აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები), რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა. 

მიუხედავად საქპატენტის დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი საჯაროა და გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე, დარღვევებს შორის კი ისეთი მნიშვნელოვანი გადაცდომებია მითითებული“ -წერია საქპატენტის განცხადებაში,

„ექსპრესნიუსი“ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილს ქეთი დუმბაძეს დაუკავშირდა, როგორც მან განაცხადა, შეშფოთებულია არსებული დარღვევებით, დეპუტატის თქმით, არ არის გამორიცხული ხელოვნებმა მათ შორის ნოდარ დუმბაძის ოჯახმა, სასამართლოს მიმართოს, თუმცა მანამდე ქეთი დუმბაძე აპირებს ვითარებაში გარკვევას.

„მინდა გავერკვე ვითარებაში, გუშინ გავიგე ხელფასებზე და პრემიებზე ინფორმაცია, რომელსაც ეს ასოციაცია თავის ხელმღღვანელს ურიცხავს, მართალი გითხრათ შეშფოთებული ვარ, ეს არ მეხება მხოლოდ მე, ეს ეხება უამრავ ხელოვანს, მწერალს, მუსიკოსს თუ კომპოზიტორს, მათ მისდით მინიმალური ჰონორარები საავტორო უფლებებზე.

საავტორო უფლებების დაცვის სფეროში სერიოზული პრობლემები იყო და ადამიანები კუთვნილ ჰონორარს ვერ იღებდნენ. ამ ყველაფერს, დაახლოებით 200 ადამიანი ადასტურებდა და  აწერდა ხელს. ისინი ამბობდნენ, რომ რომ  არ მოსწონდათ ის ჰონორარები რაც მათ ერიცხებოდათ და არ შეესაბამებოდა მათ შრომას. გაცემული ჰონორარები არ იყო ადეკვატური მათ მიერ გაწეული შრომის.

ამ ყველაფრის გამოაშკარავების შემდეგ, მერე, დავიწყე ფიქრი რამენაირად გავმიჯვნოდი ამ ყველაფერს. მაგრამ ასოციაციაში გაწევრიანებული დედაა, რადგან მამას პირდაპირი მემკვიდრეა, ცხადია თავად მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის დატოვების შესახებ. „ - უთხრა „ექსპრესნიუსს“ ქეთი დუმბაძემ.

კითხვაზე რა ჰონორარს უხდიდა საავტორო უფლებათა ასოციაცია ნოდარ დუმბაძის ოჯახს, ეს შემოსავლები წელიცადში არ აცილებია 5000 ლარს.

„გეტყვით,  პირველად როდის აღვშფოთდი. მოგეხსენებათ, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მამას სახელობის არის. იქ სრულიად სხვა პროექტზე ვლაპარაკობდი ხელმძღვანელთან და უცებ მის ეკრანზე რაღაც ამონათდა. მითხრა, ქეთი შეხედეო, მომიტრიალა კომპიუტერი, ნახე რა ამბავიაო, 2 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა "მე ვხედავ მზე"-ზე. ის ადამიანი კიდევ მიმტკიცებდა თვეში წერს 3 000- ლარსო.  თვეში წერსო, მარტო "მე ვხედავ მზეს" !

გარდა ამისა,  „ელადოსი“ მე ბებია ილიკო და ილარიონი“ მე ვხედავ მზეს“ და  სხვა რაღაცებიც ხომ იდგმება არა სხვადასხვა თეატრებში?! გადის ფილმები ტელევიზიაში, ჩემთან არაფერი არ ირიცხება“ - აღნიშნა ქეთი დუმბაძემ.

საქპატენტი აცხადებს, რომ  აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. ამ მიზნით უცხოელი პარტნიორების  (CLDP, USAID) ჩართულობითა და, ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics