03:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 14:48:07, 870 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე

ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, რამიშვილის წინააღმდეგ დაიგეგმა კონკრეტული კამპანია, რადგან POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო "მთავარ არხს" და ყველა ოპოზიციურ არხს.

"მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი.

POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო "მთავარ არხს", გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის POSTV-ის ერთ-ერთი სახე",- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ქალთა მიმართ ძალადობას დაგმობს, მაგრამ  როდესაც "ამდენი ფული გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო".

"ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი.... ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო",- დასძინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

27 მარტს, თათია სამხარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახმარების თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ხელისუფლება გააკრიტიკა. 

ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და ასეთი "არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა", მისთვის მორალურად გაუგებარია. 

2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics