21:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 11:50:13, 887 ნახვა

სამართალი
ევროსასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ოკუპირებულ აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. 

სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება და პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო და რომ მამასახლისი არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ექვემდებარებოდა. მეტიც, სასამართლოს ცნობით, არც ერთ მამაკაცს არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელი სამხედრო ჩართულობით, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივარზე",- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

გარდა ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს განმარტებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაცული ყოფილიყო. 

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

ევროსასამართლომ რუსეთს მამასახლისისა და ნანავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის ორივესთვის ჯამში 23 300 ევრო დააკისრა.

ცნობისთვის, ლევან მამასახლისი 2001 წლის აგვისტოში, ხოლო გრიგოლ ნანავა 2003 წლის ივნიში დააკავეს.

დაკავებისას მამასახლისი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც ხელებში ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის სამი თითი დაკარგა, ასევე დაიზიანა გულმკერდი, მუცელი და ორივე თვალი. 

ხოლო 81 წლის გრიგოლ ნანავა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მამასახლისი სამშობლო ღალატში, ხოლო ნანავა ტერორიზმში დაადანაშაულა და 12 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოგვიანებით, 2005 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნანავა შეიწყალა, ხოლო 2007 წელს მამასახლისი ქართულ მხარეს გადასცეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მამასახლისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებასა და წამებას, რათა მას ღალატი, ტერორიზმში მონაწილეობა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics