15:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 16:35:58, 861 ნახვა

პოლიტიკა
მოვუწოდებთ პარლამენტს, შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა - „ოცნების“ ყოფილი დეპუტატების განცხადება

აღნიშნული კანონპროექტების განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, - "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე.

განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე.

უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას".

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თედო ჯაფარიძე - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.);
  • თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);
  • დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);
  • ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • ზვიად კვაჭანტირაძე - VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.);
  • ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;
  • ხათუნა გოგალაძე - გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.);
  • ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);
  • გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.);
  • თამაზ ნავერიანი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი.

ცნობისთვის, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics