15:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-31 20:03:31, 1905 ნახვა

პოლიტიკა
მშვიდობის ძიებაში დაკარგული ევროპული მომავალი - 2022 წლის პოლიტიკური მიმოხილვა

2022 წელს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა. 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. ჩვენ შეგვრჩა ევროპული პერსპექტივა, რომელიც იმ შემთხვევაში გახდება სტატუსი, თუ დასახული პირობების ვრცელი სია შესრულდება.

ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში რეფორმების კუთხით მოწინავე საქართველო იზოლირებული დარჩა და ტრიადაც დაიშალა. ხელისუფლების ქმედებებმა უარი გვათქმევინა ევროპულ ინტეგრაციაზე და ანტიდასავლურ „მშვიდობის გზაზე“ დაგვაყენა. 

მმართველმა გუნდმა პირველი არადემოკრატიული ნაბიჯი ახალი წლის დასაწყისშივე გადადგა, როდესაც დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე დაიწყო მუშაობა. ლონდა თოლორაიას სამი დღით ადრე აცნობეს, რომ 120 თანამშრომელთან ერთად სამსახურის გარეშე რჩებოდა. ინსპექტორი ამ განზრახვას უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც. პარლამენტში უმრავლესობას კრიტიკული განცხადებების ფონზე უწევდა კანონპროექტის განხილვა. აშშ-ის საელჩო და არასამთავრობო სექტორი საქართველოში მომუშავე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს გაუქმებას „დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად“ აფასებდა. თუმცა, პრეზიდენტმა "ინსპექტორის სამსახურის გაუქმების" კანონს ვეტო მაინც არ დაადო. 

პარლამენტში სასურველი კანონის მიღება-დამტკიცება ხელისუფლებისთვის პრობლემა არც ერთ სეზონზე ყოფილა. განსაკუთრებით არასტაბილური ოპოზიციის ფონზე, რომლებიც ვერ შეთანხმდნენ, მიეცათ თუ არა 2022 წლის პარლამენტისთვის ლეგიტიმაცია. ოპოზიციური სპექტრი ორ ნაწილად გაიყო - ქუჩისთვის გამოსულები და სამუშაოდ შესულები. „ქართულმა ოცნებამ“ ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს დეპუტატის მანდატი „არასაპატიო გაცდენების“ გამო შეუწყვიტა. ნახევარწლიანი ბოიკოტის შემდეგ კი, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებზე ცარიელი სკამები შეავსო. 

24 თებერვალს რუსეთმა ჩვენთვის არა ერთგზის გამოცდილი აგრესია უკრაინაში გაიმეორა. დასავლეთმა და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ღიად დაგმო რუსეთის გაუმართლებელი ომი. საქართველოს მთავრობამ დუმილის ტაქტიკა არჩია. ომის დაწყებიდან დღემდე, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია და უკრაინის მთავრობა, ოპოზიციის დახმარებით, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ომში მყოფ უკრაინას იმის მტკიცება მოუწია, რომ მეგობარი ქვეყნისგან მხოლოდ მხარდაჭერას ელოდნენ. მთავრობამ უკრაინის ომში მოხალისედ წამსვლელი ქართველებიც დაბლოკა. 28 თებერვალს უკრაინაში 100-150 საქართველოს მოქალაქე აპირებდა წასვლას, თუმცა მალევე, ჩარტერული რეისების ლოდინისას ითქვა, რომ საქართველო ჯგუფს გაფრენის უფლებას არ რთავდა.

1-ელ მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. მიზეზად მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია დასახელდა. 17 მარტს ოპოზიციამ პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტში ჩართვა მოითხოვა. მმართველმა პარტიამ ეს ინიციატივა „ისტერიად“ შეაფასა და დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა „უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინის ელჩი გაწვეულია“. 

ვოლოდიმირ ზელენსკი არ ყოფილა ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გამოსვლაზე უარი უთხრა. მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის სურვილი 5 მარტს გამოთქვა. მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს გამოსვლა 10 დღით გადაუდო, რადგან როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა „სხვა საკითხები უფრო აქტუალურია“. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომ გაეკრიტიკებინა როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიციაც უკრაინის ომის ფონზე შექმნილ ვითარებაში - „ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე!“. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო ვიზიტების შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა მოუწია. 

მეორე ყველაზე დიდი ანტიდასავლური ნაბიჯი ხელისუფლებამ 16 მაისს გადადგა, როდესაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კონკრეტულად კი, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის დროს კერძო კომპანიისთვის მიყენებული ზარალისთვის. ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარეს და მეტიც, „მთავარი არხის“ დირექტორს ბრალი დაუმძიმდა. ამ ფაქტის შემდეგ, ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა პირველად შეიყვანა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჟურნალისტები მათი საქმიანობის გამო ციხეში ხვდებიან. ეს სადავო განაჩენი გახდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული პირველი რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. 

9 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში მოხვდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხიც - „ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“

რეზოლუციის შეთანხმებული ტექსტი კრიტიკულად ეხება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, ნიკა გვარამიას სასჯელსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს. 

ამ მოვლენებით მივედით 17 ივნისამდე, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია არ გასცა. განისაზღვრა პირობები და ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანაში პროგრესს საჭიროებს. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, თბილისში, ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ჩამოყალიბდა მოძრაობა „შინ ევროპისკენ”, რომელიც პოლიტიკოსებს აქციებში ჩართვის უფლებას არ აძლევდა. მოძრაობის მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება იყო. საპროტესტო გამოსვლები ხანმოკლე და არაეფექტური აღმოჩნდა.

მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მათ მიერ წარმოებული ანტიდასავლური რიტორიკა საკმარისი არ იყო, რადგან „ყველაფრის თქმის უფლება არ ჰქონდათ“, ამიტომაც 2 აგვისტოს  „ქართულ ოცნებას“ ოთხი დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილ და გურამ მაჭარაშვილი გამოეყო, რომლებმაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს. მალევე, მოძრაობას დეპუტატები, საკრებულოს წევრები, POST TV-ის წამყვანები და ექსპერტები შეუერთდნენ. მათ რიგებში მყოფმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია POST TV-ის წილებიც იყიდა. ანტიდასავლური მოძრაობა ღიად აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დასავლეთს, ევროკავშირის ელჩებს და თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციებს. მმართველი პარტია მსგავსი რიტორიკის შემცველ განცხადებებს ამ დრომდე არ გამიჯვნია. 

ხელისუფლების პრორუსული ქმედებების შედეგად, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ოქტომბერს გამოსცა. ე.წ. შავ სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ოლიგარქის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. 

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირების შემდეგ, საფრთხის წინაშე თავად ოლიგარქიც აღმოჩნდა. ევროპის პარლამენტის დეკემბრის თვეში მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ევროპელი დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და შეიწყალონ ნიკა გვარამია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობაზე საუბრობს ყველა, გარდა ხელისუფლებისა. წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გამოიტანოს. თუმცა, მმართველი პარტია დაყენებულ შუამდგომლობას სერიოზულად არც განიხილავს, რადგან მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასჯელს ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკის ლუქს პალატაში იხდის. 

2022 წელი პოზიტიური მოვლენით დასრულდა - ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ასადის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია. ეს გადაწყვეტილება იმასაც უსვამს ხაზსს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში “მძინარე ცხინვალი” დაბომბა, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია. 

ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. ქვეყანას ისევ აქვს დრო, დაამტკიცოს უნდა თუ არა ევროპისკენ სვლა. 

 

 

 

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics