|
2015-02-06 14:55:53, 918 ნახვა
ეკონომიკა
ლუდზე აქციზის გადასახადი - ანუ რატომ აშანტაჟებენ კომპანიები სახელმწიფოს
ლუდის მწარმოებლები ვიშვიშებენ, ლუდზე აქციზის გადასახადი არ სიამოვნებთ, მეტიც, მაგალითად, „ნატახტარი“-ს კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ წარმოების დახურვა მოუწევთ, მეტიც- თანამშრომლების დათხოვნა და ხელფასების შემცირება გარდაუვალია. კომპანია „ნატახტარის“ წარმომადგენლის კომენტარი არის სპეკულაცია, გნებავთ, ზეწოლა სახელმწიფოზე. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, აქციზის გადასახადის გაორმაგება პროდუქციის გაძვირებასა და ხელფასების შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია. „ცაიტნოტურ მდგომარეობაში გვაყენებენ. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს ბიუჯეტები გაწერილი გვაქვს. წინასწარ ვგეგმავთ ხარჯვით ნაწილს, ფასებს ვადგენთ, ვახორციელებთ ინვესტიციას. სახელმწიფომ კი უცებ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ინდუსტრიიდან ამოიღოს 30 მილიონი ლარი. ეს რის ხარჯზე უნდა მოხდეს? ან მოგების მარჟა უნდა შევიმციროთ ან პროდუქცია უნდა გავაძვიროთ. დავუშვათ, მე მარჟას ვერ ვიმცირებ, მაშინ გავზრდი პროდუქციის ფასს. ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო სამომხმარებლო ფასი გაიზარდოს, აი ეს არის პრობლემა! ჩვენ ველოდებით, რომ ორლიტრანახევრიანი ლუდი, რომელიც 5 ლარი ღირს, 6 ლარი და 30 თეთრი გახდება. პროდუქციის გაძვირება თუ გამოიწვევს ბაზრის 10%-ით შემცირებას, მაშინ 10 %-ით ნაკლები ხელფასების გაცემა ან სამსახურიდან თანამშრომლების 10 %-ის გაშვება მომიწევს“. -აცხადებს ხუნძაკიშვილი. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, იმდენად მოკლე, რომ ეს ტყუილი რამდენიმე დღეც ვერ ცოცხლობს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს, საკუთარი კანონმდებლობა დაუახლოოს ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობას ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ნაწილში. ამ სფეროში მოქმედი ევროპული დირექტივის შესასრულებლად, საქართველოს 3 წლიანი ვადა აქვს. სფეროში ჩახედული ექსპერტების მტკიცებით, საქართველო ამ ეტაპზე უკვე ასრულებს დირექტივით ნაკისრ ვალდებულებას, რადგან დღეს გაყიდვაში არსებული ალკოჰოლური სამსმელები უკვე იბეგრება ევროკავშირის დირექტივით განსაზღვრული სააქციზო გადასახადით. აქციზის განაკვეთის გაზრდას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. იცით, რომ აქციზი არის არაპირდაპირი გადასახადი და მას გარდა ფისკალური ეფექტისა, რაც ნიშნავს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, აქვს სხვა ტიპის მარეგულირებელი ეფექტი. აქციზის გაძვირება მოხდა არა მხოლოდ ლუდთან მიმართებაში, არამედ თამბაქოსთან და სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში, ამით ხდება რეგულაციების ოპტიმიზაცია... რაც შეეხება იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს არ ჰქონია კომუნიკაცია მწარმოებლებთან და მათთვის მოულოდნელი იყო აქციზის ზრდა... ფინანსთა სამინისტროს ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, აღნიშნულ საკითხზე ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან. თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მინისტრის მოადგილეები, პირადად მინისტრი (23 ოქტომბერი, 17 ნოემბერი, 24 ნოემბერი, 2 დეკემბერიდა ა.შ.), შემოსავლების სამსახურის უფროსი, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ხვდებოდნენ მათ. სწორედ მათთან კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ აქციზის ღირებულების მატება ნაცვლად 100%-იანისა, მხოლოდ 50%-ით მომხდარიყო. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების მოთხოვნის გათვალისწინებით, უცვლელი დარჩა აქციზის გადახდის წესი (ანუ ისინი აქციზური მარკის ღირებულებას იხდიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენენ პროდუქციის რეალიზაციას - ვთქვათ წაიღო 10 აქციზური მარკა, მაშინვე არ იხდის ფულს, იხდის იმდენი მარკისას, რამდენ ბოთლსაც გაყიდის, თუ 8 გაყიდა, გადაიხდის რვა მარკის ფულს, ხოლო დარჩენილი ორი შეუძლია უკან დააბრუნოს). კანონი ძალაში შედის 2015 წლის მარტიდან, შესაბამისად, ბიზნესის ინფორმირებიდან კანონის ამოქმედებამდე არის 5 თვე, რაც აბსოლუტურად გონივრული ვადაა... როდესაც ამბობენ, რომ ლუდი 20-30%-ით გაძვირდება... 2015 წლის 1 მარტიდან იგეგმება ლუდის აქციზის ზრდა. საქსტატის მონაცემებით, საცალო ქსელში გასაყიდი ნახევარი ლიტრი ადგილობრივი ლუდის საშუალო ფასი შეადგენს 1.6 ლარს. დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს ნახევარ ლიტრზე აქციზის ზრდას 10 თეთრით. აღნიშნულ პირობებში ლუდის ფასის მაქსიმალური მოსალოდნელი ზრდა შეადგენს 7-8 პროცენტს. ბარებსა და რესტორნებში ლუდის ფასი რამდენჯერმე ისედაც მაღალია. შესაბამისად, აქ ფასის პროცენტულმაზრდამ მაქსიმუმ, 2-3 პროცენტი შეიძლება შეადგინოს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აქციზის განაკვეთი გაზრდილია არა მხოლოდ ლუდზე, არამედ ყველა სახის ალკოჰოლურ სასმელზე. ლუდის შემთხვევაში, განაკვეთის ზრდა 2-ჯერ ნაკლებია სხვა სასმელებთან შედარებით. ლუდის წარმოება შემცირდება, წარმოებები დაიხურება... დღეის მდგომარეობით, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ აქციზის განაკვეთის გაზრდა გამოიწვევს მოხმარების და შესაბამისად წარმოების შემცირებას. ლუდის წარმოება საკმაოდ დინამიური დარგია. ადგილობრივი წარმოების ლუდის მოხმარება იზრდება დაახლოებით 7 პროცენტით. ნახევარ ლიტრზე 10 თეთრით ფასის გაძვირება, მაშინ, როდესაც სხვადასხვა მაღაზიაში, მით უმეტეს, ბარებსა და რესტორნებში, ისედაც განსხვავებული ფასი ფიქსირდება და ეს პრობლემას არ უქმნის წარმოების შემცირებას და რეალიზაციას, აქციზის ზრდა წარმოების ხელშემშლელ ფაქტორად არ შეიძლება იქნეს განხილული. ლუდზე აქციზი სხვა ქვეყნებში აქციზის განაკვეთს აქვს მარეგულირებელი ხასიათი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას აქვს საქართველოზე დაბალი აქციზის გადასახადი, ზოგიერთს კი, მაღალი. თუმცა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დაბალი სხვა ყველა გადასახადი იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ლუდის აქციზი დაბალია. ამასთანავე, შეხვედრებზე ლუდის მწარმოებლებს განემარტათ, რომ აღნიშნული ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აქციზის გადასახადის ზრდას მომავალში აღარ გეგმავს. სახელმწიფოზე შანტაჟის ნიშნად, კომპანია „ნატახტარმა“ წამოიწყო აქცია "არ გააძვირო ლუდზე აქციზი“. როგორც იტყვიან, ზედმეტი მილიონები ყელში არავის არ ადგება, მოგება ტკბილია, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში გადასახადები ჩვეულებრივი მოვლენაა. ანდრო მუხრანელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)