|
2022-03-31 23:46:25, 584 ნახვა
საზოგადოება
გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის
შაქრიანი დიაბეტის ტიპი I დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორებით (CGM) მომარაგების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სისტემით, საქართველოში აღრიცხული, ტიპი I დიაბეტით დაავადებული ყველა ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სიახლე, ბავშვს და მშობელს მისცემს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი. “ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს რომელსაც აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობა. უკვე პრაქტიკულად იმ ეტაპზე მივედით, რომ შეგვიძლია ძალიან მალე მომარაგებაზე დავიწყოთ საუბარი. აღნიშნულ პროცესში, ძალიან აქტიური იყო ბატონი მინისტრის პირადი მონაწილეობა. სიახლე იძლევა საშუალებას, რომ ბავშვისთვის უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე მოხდეს გლუკოზის მონიტორინგი. თუ რაიმე ცვლილება აღმოცენდა სისტემა იძლევა განგაშის სიგნალს, რაც ასევე სწრაფი რეაგირების საფუძველია, რითაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჩვენი მიზანი, ამ პროექტის დაწყებისთანავე იყო ის, რომ ყველა ბავშვს საქართველოში, რომელსაც აქვს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰქონდეს ყველა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა. სწორედ ამისთვისაა საჭირო უწყვეტი მონიტორინგის სისტემები. ცხადია, ყველა ბავშვის საჭიროება სრულად იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, გამარჯვებულის გამოვლენის ფორმალური პროცედურები ძალიან მალე დასრულდება, რის შემდეგაც მოწოდებისა და დანერგვის ვადები გახდება ცნობილი. „მომწოდებელი კომპანიის დასახელება, ამ ეტაპზე, სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე არ შემიძლია. თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის არის ხარისხობრივი მახასიათებლები, რომ გვქონდეს ხარისხის გარანტია და ავტორიზებული იყოს ყველა ელემენტი, მათ შორის აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება სისტემის მუშაობის დროს. არაავტორიზებული მოწოდება, ამ ტიპის მოწყობილობაზე, ძალიან სარისკოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, ეს არის ყოველმხრივ ხარისხიანი მოწყობილობა, რომელიც ბავშვების საჭიროებას სრულად დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ დიაბეტის მართვის პროგრამაში ასევე შევიდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები: ინსულინის ანალოგებზე გადასვლა და დოზის კორექცია, სპეციალური კომისიის გარეშე, ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მოხდება, რაც პაციენტებისთვის და მათი მშობლებისთვის პროცედურებს საგრძნობლად გაამარტივებს. ასევე, გაიზარდა ნემსების რაოდენობაც. წლის განმავლობაში, პროგრამაში ჩართულ ბავშვზე 300 ინსულინის ნემსი გაიცემოდა, ცვლილების მიხედვით კი 400 ნემსის გაცემა მოხდება. ასევე, დაემატა მცირე ზომის, 4 მილიმეტრიანი ნემსის არჩევის შესაძლებლობა. დაზუსტდა გლუკაგონის გაცემის პირობებიც.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)