2015-02-04 15:28:13, 351 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფირცხალავა: არავითარ ხუბულოვს ინფორმაცია სოდისთვის არ მიუცია, ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე
მთელმა თბილისმა იცის, არავითარ ხუბულოვს ინფორმაცია სოდისთვის არ მიუწვდია, ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე,-ამის შესახებ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილე ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
ფირცხალავას განმარტებით, ხუბულოვის ოჯახს დიდი ტრაგედია არ აკმარეს და მის შვილებს მამა ინფორმატორად გამოუცხადეს.
"მთელი ჩემი შეგნებული კარიერის განმავლობაში ყოველთვის თავს ვგრძნობდი მათ გვედრით, ან მათ მხარეს.მაგრამ მე დღეს ვარ ბედნიერი, რომ ვარ ამ ადამიანებთან ერთად აქ, იმ ხალხთან ერთად, რომლებთან ერთადაც წინა ხაზზე ვიყავი კრიმინალთან ბრძოლაში.მთელმა თბილისმა იცის, რომ არავითარ ხუბულოვს ინფორმაცია არ მიუწვდია სოდისთვის. ჩემი ძმა დავაკავე მე თვითონ. ჩემი ძმა მის მერე არის ღირსეული მოქალაქე. ესენი მუხანათურად მოქმედებენ. არ აკმარეს ხუბულოვის ოჯახს ეს დიდი ტარგედია. დღეს მის შვილებს ინფორმატორად გამოუცხადეს მამა. ხუბულოვი ვაჟკაცი კაცი იყო, მართალია, სხვა პროფესიის და დამნაშავე ადამიანი იყო, მაგრამ ვაჟკაცი იყო",-განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.
უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა, რომელიც 2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირაკლი ფირცხალავას ძმის ლევან ფირცხალავას დაკავებას ეხებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა და ირაკლი ფირცხალავამ ლიკვიდაციის გზით, მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე შური იძია.
ამწუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანადაა გასული. პროკურატურა 11-ივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან