22:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 14:42:14, 341 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, კორტების ე.წ. სპეცოპერაცია შურისძიების ნიადაგზე ჩატარდა

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნა. პროკურატურა  ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით,  ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.
მათივე ინფორმაციით, კორტებთან სპეცოპერაცია შემდეგნაირად დაიგეგმა და განხორციელდა:
"2006 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სპეცოპერაცია, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა. სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ,  ასევე  იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდა, რაც გულისხმობდა წინასწარ „დამნაშავედ“ მონათლული პირების ლიკვიდაციას.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე.
ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ,,წარმატებული“ სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთის მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე,  რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორეს მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯის დაუმკვიდრებდა.
2006 წლის 01 მაისს, ირაკლი ფირცხალავასთვის ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ალექსანდრე ხუბულოვი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდგომაც მათთან ერთად გაემართებოდა ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით. ირაკლი ფირცხალავა საკუთარი დანაშაულებრივი
გეგმის განხორციელებას შეუდგა, მის მიერ მობილიზებულ იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაიწყო სპეცოპერაციის დაგეგმვა, რომელიც  შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად.
2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა მის მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ალექსანდრე ხუბულოვი განთავსდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ბონდო ფუთურუძე - ავტომანქანის უკანა სავარძელზე.
მოძრაობისას, დაახლოებით 09:45 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა, რა დროსაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს. ამ დროს, ირაკლი ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები: იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავმტომანქანას და მის მგზავრებს. ზურაბ ვაზაგაშვილი სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს, რის შემდეგაც ინტენსიური სროლები ა/მანქანის მგზავრების მისამართით კვლავ გაგრძელდა.
ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე  გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით",-განმარტავენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics