2021-04-24 21:00:27, 870 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა ოსმალეთში სომხების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოსმალეთის იმპერიაში "მძიმე პირობებში" სომხების გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სომხური თემის პატრიარქს სააკ მაშალიანს მიუსამძიმრა.
"მე დიდი პატივისცემით ვიხსენებ ოსმალეთის სომხებს, რომლებიც დაიღუპნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, მძიმე პირობებში. სამძიმარს ვუცხადებ, მათ შვილიშვილებს და შთამომავლებს", - აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ამ საკითხის პოლიტიზირება არავის მოუტანს სიკეთეს და საკითხი ისტორიკოსებმა უნდა შეისწავლონ.
"თურქები და სომხები ანატოლიაში საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ანკარას ერევანთან კეთილმეზობლობა ახლაც სურს", - დასძინა ერდოღანმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან